19 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი და მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები - ვენეციის კომისია შეხვედრებს იწყევს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი და მასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები - ამ თემის განსახილველად პარლამენტში შეხვედრებს დილიდან იწყებს ვენეციის კომისია. ევროპელი ექსპერტები თავდაპირველად პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდებიან. დაგეგმილია ასევე გასაუბრება პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ჯგუფსა და დამოუკიდებელ დეპუტატებთან. მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ მათ პროექტთან დაკავშირებით კომისიის დასკვნა საბოლოოდ დადებითი იქნება.

"დარწმუნებული ვარ რომ ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება დადებითი და ამ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის, რომ კანონპროექტი ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკას და უფრო მეტიც, ის ადგენს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურებს,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

მმართველი გუნდისგან რადიკალურად განსხვავებული მოლოდინი აქვს ოპოზიციას. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ისინი ვენეციის კომისიის წევრებს დეტალურად აუხსნიან თუ რა საფრთხეებს შეიცავს აღნიშნული კანონპროექტი და როგორ მართავს კონკრეტული კლანი სასამართლოს.

"კატეგორიულად არ ვეთანხმებით წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც პირდაპირ არის მორგებული იმ კლანის ინტერესებს, რომელიც დღეს მართავს სასამართლოს. ავუხსნით დეტალებს ვენეციის კომისიას თუ როგორ განახორციელებს აღნიშნული პროექტი ამ კლანის მმართველობის განმტკიცებას. კიდევ ერთხელ დაფიქსირდება ის, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობას ხელს უშლის მმართველი პარტია და მათი უმრავლესობა პარლამენტში,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

"ევროპული საქართველო" ვენეციის კომისიას საკუთარ ხედვას შესთავაზებს. პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი ასევე აუხსნიან კომისიის წევრებს, რომ მმართველი გუნდის გარდა, ყველა ეწინააღმდეგება კლანის მიერ მოსამართლეობის კანდიდატების დასახელებას. 

"სისტემას მართავს ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფი კლანი, რომლმაც დეკემბერში საკუთარი თავსი ლუსტრაცია მოახდინა, როდესაც ის ათკაციანი სია გადმოუგდო პარლამენტს,"-აცხადებს ოთო კახიძე. 

დღის ამბები