"ფაქტობრივად ფინალია ხვალინდელი მატჩი და სრულ მზადყოფნაში ვართ," - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ოთარ კაკაბაძემ ჩეხეთთან ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრები ხვალ მაქსიმალურად შეეცდება გამარჯვება მოიპოვოს.
"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს, ფაქტობრივად ფინალია ხვალინდელი მატჩი და სრულ მზადყოფნაში ვართ. ძალიან გვინდა ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. მათ გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობთ, ხვალ სტადიონზე მრავლად იქნებიან და შევეცდებით ძალიან მნიშვნელოვან თამაშში გავიმარჯვოთ," - აღნიშნა ოთარ კაკაბაძემ.
ცნობისთვის, უკრაინასთან ფრედ 1-1 დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჩეხეთში ჩავიდა, სადაც ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას გამართავს. სატურნირო ცხრილის ლიდერთან ორთაბრძოლა, როგორც ერთი, ასევე, მეორე გუნდისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ამ გუდების თბილისური მატჩი, ქართველი ფეხბურთელების შთამბეჭდავი გამარჯვებით 4-1 დასრულდა და მოახლოებულ დაპირისპირებაში მასპინძლები რევანშის აღებას შეეცდებიან. მითუმეტეს, რომ სასწორზე ჯგუფის პირველის დაკავება დევს.
ამ წუთებში, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ოლომოუცში, მატჩის მასპინძელ სტადიონზე ოფიციალურ ვარჯიშს მართავენ.