19 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
კუსტარული მანქანა-დანადგარები და დაუცველი ღიობები - რა დარღვევები აღმოაჩინეს ვაკეში, სადაც ჩამოშლილმა მიწამ 2 ადამიანი იმსხვერპლა

„კუსტარული მანქანა-დანადგარები და დაუცველი ღიობები არსებობდა, რომელიც ერთი შეხედვით თვალსაჩინო იყო,“ - ეს განცხადება შრომითი პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამსახურის უფროსმა, ბექა გერაძემ ვაკეში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას გააკეთა.

ბექა გერაძის თქმით, ამ ეტაპზე მიწის ჩამოშლის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, იგი აცხადებს, რომ გარკვეული დარღვევები პირველადი დათვალიერების დროს უკვე დააფიქსირეს.

„დეტალურად ალბათ, დღის ბოლოს ან უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა, რომ კონკრეტულად, უშუალო და სისტემურ მიზეზებზე ვისაუბროთ, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა,“ - განაცხადა ბექა გერაძემ.

ინსპექტირების ჯგუფის წარმომადგენლების თქმით, პირველადი დათვალიერების დროს გარკვეული დარღვევები გამოიკვეთა, თუმცა, უნდა დაზუსტდეს რამდენად სწორად იყო სამუშაოები დაპროექტებული. მათივე თქმით, ამის გარკვევის შემდეგ კი დადგინდება ვის მიერ იყო შეცდომა დაშვებული - შემსრულებლის თუ დამკვეთის.

„ზოგადი დათვალიერებით ობიექტზე პირველადი ხარვეზები არსებობს, თუმცა, კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობითაც, დღის განმავლობაში გაგრძელდება მოკვლევა. უნდა შევისწავლოთ ჩვენ ყველა საჭირო დოკუმენტაცია, სამუშაოების გეგმა, როგორ იყო დაგეგმილი და რამდენად სწორად ხორციელდებოდა მისი შესრულება. კონკრეტული უბედური შემთხვევის მოკვლევაზე გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ ამის შემდეგ,“ - განაცხადა გერაძემ.

უმძიმესი ტრაგედიის შედეგად ჭავჭავაძის გამზირზე დაღუპულ მეორე მუშას მაშველებმა 8-საათიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს. 41 წლის ედუარდ დავრიშევის ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს. რამდენიმე საათით ადრე ამავე ადგილას მიწიდან კიდევ ერთი დაღუპული, 25 წლის დავით აბესაძე ამოიყვანეს.

უბედური შემთხვევა დღის ბოლოს ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ახალი კლინიკის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

მიწა შენობის საძირკველის გამაგრების დროს ჩამოიშალა და ორი მუშა ჩაიყოლა. მერიაში განმარტავენ, რომ კომპანია "ტრანსმშენი," რომელიც ადგილზე სამუშაოებს აწარმოებს ერთი კვირის წინ შემოწმდა და ყველაფერი წესრიგში იყო.

დღის ამბები