19 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
პოლიციელებისგან ძალადობა წინასწარი დაკავების იზოლატორში - საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის ანგარიშის კრიტიკული შეფასებისგან თავს იკავებს 

სახალხო დამცველის კრიტიკულ ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოში ხვალ მოუსმენენ.

ანგარიში პარლამენტში დღეს შევიდა და უკვე ცნობილია, რომ მასში ბევრი საგანგაშო ფაქტია ხაზგასმული.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ანგარიშში მოხვდა, წინასწარი დაკავების იზოლატორებში დაკავებული პირების ცემა და სასტიკი მოპყრობის მაჩვენებლის ზრდა არის.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, პოლიციის განყოფილებებში დაკავებულების ცემის და მათზე ძალადობის ფაქტები გაორმაგდა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა აჭარაში. ​სახალხო დამცველის დასკვნით, მხოლოდ ბათუმის პოლიციის განყოფილებებში ცხრაჯერ გაიზარდა იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც სამართალდამცველებმა სცემს და აწამეს. დგინდება, რომ აჭარა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაზე სუსტი რგოლია და ძალადობისა და ცემის ფაქტების საერთო რაოდენობის 40 პროცენტი სწორედ ამ რეგიონზე მოდის. 

საპარლამენტო უმრავლესობაში ანგარიშში მოყვანილი მაჩვენებლების შეფასებისგან თავს იკავებენ. რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ დოკუმენტში, რომელსაც ომბუდსმენი წარმოადგენს, ბუნებრივია, რომ კრიტიკა იქნება.

„ცხადია, ანგარიში უნდა იყოს კრიტიკული და ეს ნორმალურია. გავეცნობით დეტალურად. ჩვენი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება მაღალი მაჩვენებელი იყოს წარმოდგენილი რეკომენდაციების გაზიარების, რომელსაც პარლამენტი საბოლოო ჯამში იღებს დადგენილების სახით და  მათი შესრულება სავალდებულო ხდება სახელმწიფო უწყებებისთვის,“-განაცხადა იონათამიშვილმა.

დღის ამბები