„ქართულმა ოცნებამ“ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ევროპელ ექსპერტებს უკვე მიღებული გადაწყვეტილება დაახვედრა, რომლის ერთადერთი მიზანი სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის გამყარებაა - ასეთია მმართველი გუნდიდან დემარშით წასული დეპუტატების შეფასება. ეკა ბესელია თანამოაზრეებთან ერთად დღეს ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდა. ეკა ბესელიას განცხადებით, ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი ვერ უძლებს კრიტიკას და სწორედ ამასთან დაკავშირებით მიაწოდა მან ინფორმაცია ვენეციის კომისიის წევრებს. ეკა ბესელია მთავარი შენიშვნა მდგომარეობს იმაში, რომ კანონპროექტის მიხედვით იუსტიციის საბჭოს დიდი უფლებები აქვს მინიჭებული, მაშინ როდესაც დაკნინებული პარლამენტის როლში.
„კობახიძის კაბინეტის ვერსიაში არის პარლამენტის როლი დაკნინებული და იუსტიციის საბჭოს აქვს ასე გაშლილი ფრთები. არ ვიცი ამაზე უფრო მეტი ფანტაზია რა შეიძლება წარმოიდგინო, რომ მოიფიქრო ხუთ დონიანი ფილტრი და ეს სია ისე დაჩეხო და დაწურო, რომ შენთვის სასურველ გვარებამდე დაიყვანო. პოლიტიკური პროცესი თუ პოლიტიკური კონტექსტი ერთია. რაც რეალობას ქმნის, უნდა გავითავისოთ მაგრამ წმინდა სამართლებრივად ის, რომ არც ერთი ქვეყნის მოდელს არ ჰგავს და დაიწერა იმ ადამიანების მიერ ვინც თავისთვის წერს ხოლმე კანონპროექტებს, ეს უკვე ცუდი ნიშანია და ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ არ მიდის ჯანსაღად,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლების სურვილზე საუბრობს ლევან გოგიჩაიშვილიც. ის ამბობს, რომ ქართულ ოცნებასთან მან და მისმა თანამოაზრეებმა თავისუფალი სასამართლოსთვის ბრძოლა წააგეს.
„ეს პროცესი, რომელსაც აწარმოებს უმრავლესობა, ეს არის არასწორი პროცესი. ეს არის ნაბიჯი და სურვილი გაკონტროლდეს სასამართლო ხელისუფლება დაახლოებით ისე როგორც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის აკონტროლებდა სასამართლო ხელისუფლებას. ეს არის ძალიან საშიში და სახიფათო პროცესი და ეს სახიფათო თამაში წამოიწყო "ქართულმა ოცნებამ" და ჩვენ სამწუხაროდ ვერ შევძელით ამ პროცესის გაჩერება,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.