19 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
„მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა უნდა გაუქმდეს"-ირმა ინაშვილი ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდა

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდნენ. ირმა ინაშვილის განცხადებით ქვეყანა არ არის მზად რომ მოსამართლეები უვადოდ დაინიშნონ. მისივე თქმით სწორედ ეს ინფორმაცია მიაწოდა მან ვენეციის კომისიის წევრებს, რომლებთანაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესი განიხილა.

„მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა უნდა გაუქმდეს. ჩვენი სახელმწიფო და მართლმსაჯულების სისტემა მზად არ არის მოსამართლეების უვადოდ გამწესებისთვის. უნდა იყოს 10-წლიანი ვადა მაინც. აუცილებლად უნდა იყოს გამოსაცდელი სამ წლიანი  ვადა მაინც მიცემული ამ მოსამართლეებისთვის. პლუს ჩვენ ვთქვით, რომ ახალი კლასი უნდა შეიქმნას მოსამართლეების. მართლმსაჯულების სისტემიდან ნელ-ნელა უნდა გამოვიდნენ მურუსიძეები, ჩინჩალაძეები, გვრიტიშვილები. ის ადამიანები რომლებსაც არ ენდობა ქართველი ხალხი. რომლებსაც კონკრეტული მკვლელი განაჩენები აქვთ გამოტანილი,“-განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

ვენეციის კომისიის წევრები პარლამენტში შეხვედრებს განაგრძობენ. სავარაუდოდ შეხვედრების დასრულების შემდეგ ვენეციის კომისიის წევრები განცხადებებს არ გააკეთებენ. რამდენიმე კვირაში მომზადდება პირველადი დასკვნა. თუმცა დოკუმენტი 19 აპრილამდე უნდა მოესწროს, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭს უყრის.

ამავე თემაზე
დღის ამბები