უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია. ვლადიმირ ზელინსკი კი პირველ ადგილზეა - 30 პროცენტით. მოქმედმა პრეზიდენტმა მთავარი კონკურენტი მხოლოდ საზღვარგარეთ დაამარცხა.
პეტრო პოროშენკომ პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 16 პროცენტი მოაგროვა. უფრო ნაკლები აქვს ვეტერან პოლიტიკოსს, იულია ტიმოშენკოს - 13 პროცენტი.
ვლადიმირ ზელენსკის კინოგმირის ისტორია მის პირად ცხოვრებაში რეალობა ხდება. ცნობილ ტელესერიალში-"ხალხის მსახური" , 41 წლის ზელენსკი ისტორიის პედაგოგს ასახიერებს, რომელიც მოულოდნელად ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს იკავებს.
ფილმის სცენარის მსგავსად განვითარდა მსახიობის კარიერა პოლიტიკაში. ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზეა და ორჯერ მეტი ხმით უსწრებს პეტრო პოროშენკოს.
საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის დღიდან ვლადიმერ ზელინსკიმ უარი თქვა კამპანიის ტრადიციებზე - არ ატარებდა არც ხალხმრავალ სააგიტაციო შეხვედრებს და არც ტელედებატებში მონაწილეობდა.
პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატის შტაბში სამომავლო გეგმებზე ჯერ არ საუბრობენ, მზად არიან სხვა კანდიდატებთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ არა თანამდებობების სანაცვლოდ.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დადებითად შეაფასეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა.
უკრაინაში არჩევნების მეორე ტური, სადაც ერთმანეთს ვლადიმერ ზელენსკი და პეტრო პოროშენკო დაუპირისპირდებიან, 21 აპრილს გაიმართება.