დაკავებულთა ცემა და არაადამიანური მოპყრობა პოლიციელების მხრიდან - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ დარღვევების, რომელიც ომბუდსმენის ანგარიშში მოხვდა. დოკუმენტის ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი და მწვავე ნაწილი სწორედ სამართალდამცველების მხრიდან დაკავებულებზე განხორციელებულ ძალადობას ეხება.
სტატისტიკა საგანგაშო და მძიმეა. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ციფრები თითქმის გაორმაგებულია და ამის პარალელურად დამნაშავე პოლიციელების მიმართ, როგორც წესი შინაგან საქმეთა სამინისტრო ლოიალურია, რაც პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოების შეფასებით, პირდაპირ ახალისებს პოლიციელების მხრიდან დანაშაულის ჩადენას.
თუ კი 2017 წელს პოლიციის შენობაში ფიზიკური დაზიანების 65 შემთხვევა მოხდა, 2018 წელს დაზარალებულთა რიცხვი 116-მდე გაიზარდა. განსაკუთრებით საგანგაშო ვითარებაა აჭარაშია. ბათუმის იზოლატორში 2018 წელს ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი 47 დაკავებული გახდა, მაშინ როცა 2017 წელს 5 იყო.
ძალოვანების განუსაზღვრელი ძალაუფლება და დაუსჯელობის სინდრომი - ოპოზიცია ფიქრობს, რომ გახარიას უწყება სამართალდამრღვევ სამართალდამცველებს დასჯის ნაცვლად ახალისებს.
მმართველ გუნდის ლიდერები კი ფიქრობენ, რომ წინასწარი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებები იმაზე ნაკლებად ირღვევა, ვიდრე ეს მათი წინამორბედების დროს ხდებოდა.
პარლამენტი ნინო ლომჯარიას ხმაურიანი ანგარიში განხილვას ხვალიდან დაიწყებს.