ნარკოტესტის გავლა დღეიდან ყველა მძღოლისთვის სავალდებულოა. იმ შემთხვევაში თუ საჭესთან მყოფ პირი შემოწმებაზე უარს იტყვის, მას საპატრულო ეკიპაჟი პოლიციის დეპარტამენტში იძულებითი ტესტირებაზე გადაიყვანს.
გერმანული ტესტი ორგანიზმში 6 ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალების მოხმარებას სამ წამში ადგენს. მათ შორისაა, მარიხუანა და ექსტაზი. ერთი ასეთი ტესტი სახელმწიფოს დაახლოებით 50 ლარი უჯდება, თუ ტესტზე დადებითი შედეგი დაფიქსირდება, მძღოლს დამატებითი კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანენ. ზემოქმედების დადასტურების შემთხვევაში კი 3 წლით მართვის უფლება ჩამოერთმევა და 1 წლამდე პატიმრობა დაემუქრება.
სამოქალაქო აქტივისტები ახალ წესს პოლიციელების ხელში სადამსჯელო ინსტრუმენტად აფასებენ. „თეთრი ხმაურის“ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ იძულებითი ნარკოტესტირებით პოლიცია მარიხუანას მომხმარებლების დისკრიმინაციას ახდენს.
კანონის ახალ ნორმას სრულ დაუმორჩილებლობას უცხადებს ახალი პოლიტიკური გაერთიანება „გირჩიც“, მათი აქტივისტები საპატრულო პოლიციის ნარკოტესტს არ გაივლიან.
გამკაცრებული კანონი შეეხება მეტადონის პროგრამაში ჩართულ ნარკომომხმარებლებსაც თუ კლინიკიდან გამოსული მომხმარებელი პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ იქნება, მას ვერც სპეციალური ცნობა უშველის.
კანონში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ არასამთავრობო სექტორში. კანონის მიხედვით განსაზღვრული არაა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებიდან რამდენი ხნის შემდეგ არის შესაძლებელი მანქანის მართვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ნარკოტესტი მოხმარებიდან 8 საათის განმავლობაში, 99 %-იანი სიზუსტით ადგენს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას.
უწყებაში განმარტავენ, რომ ახალი რეგულაციები ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისა და რაოდენობის შემცირების მიზნით დაინერგა.