19 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
"პარლამენტს ნუ დავამსგავსებთ რაღაც პერსონალური შურისძიების ადგილს" - ეკა ბესელია

„პარლამენტს ნუ დავამსგავსებთ რაღაც პერსონალური შურისძიების ადგილს,“ - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ, ყოფილი თანაგუნდელების მისამართით გააკეთა.

მმართველი გუნდის წევრებს და ეკა ბესელიას შორის კამათი იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, რომ ევროსაბჭოს დელეგაციის შემადგენლობა დემარშით წასულ დეპუტატებს დაატოვებინონ.

„ეს არ არის პარლამენტის ნორმალური საქციელი და ნუ დავამსგავსებთ რაღაც პერსონალური შურისძიების ადგილს. ეს არის საქართველოს პარლამენტი და კეთილი უნდა ინებოს ყველამ, შენც, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, როგორც ამ დელეგაციის წევრმა, სხვამაც, კეთილი უნდა ინებოს და წესებს პატივი უნდა ვცეთ და ჩვენი პერსონალური განწყობები დამტოვოთ სადმე გარეთ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია განმარტავს, რომ ევროსაბჭოს დელეგაციის შემადგენლობის ცვლილება იანვრამდე შეუძლებელია და მისთვის გაუგებარია, როგორ ხდება სხვა გვარებით დემარშით წასული დეპუტატების ჩანაცვლება.

„ჰგავს ეს პროცესი სადამსჯელო გადაწყვეტილებას და პერსონალურ გადაწყვეტილებებს. ჩემი კითხვა არის შემდეგში, აქ ვნახე, რომ არის შეცვლილი დელეგაციის შემადგენლობა. შენ პირადად, როგორც ამ დელეგაციის წევრი და საპარლამენტო ასამბლეის წევრი, მიგაჩნია, თუ არა, რომ სწორია ის, რომ ახლა, შუალედში, არ ვიცი რის გამო მოხდა ეს და ვისი გადაწყვეტილებაა, ესეც უნდა გვითხრა, რომ ვინ გადაწყვიტა, რომ შეიცვალოს დელეგაციის შემადგენლობა ეროვნულ დონეზე, მაშინ, როდესაც ეს ცვლილება მაინც ვერ აისახება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში,“ - განაცხადა ბესელიამ.

ამაზე განმარტებებს ეკა ბესელია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან მოითხოვს.

„ჩვენც ვიხელმძღვანელებთ არსებული რეგლამენტით, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, კვოტებს თანახმად და PACE-ს რეგულაციებით, მგონი, ძალიან გასაგებად ვამბობ,“ - განაცხადა ქაცარავამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე დელეგაციაში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყვნენ წარმოდგენილი და რადგან მათ ოცნება დატოვეს, მმართველ პარტიას სურს, რომ დელეგაციის წევრთა შორის მათი გუნდის წევრები იყვნენ.

დღის ამბები