ვენეციის კომისიის წარმომადგენლების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის შეხვედრა დღეს გაიმართა. განხილვის მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით დაკომპლექტება იყო. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა კი საკუთარი შენიშვნები გააცნეს, რაც მათ უმრავლესობის მიერ მომზადებულ დოკუმენტთან ჰქონდათ.
კომისიის წევრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, ლევან მურუსიძესაც შეხვდნენ.
ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ კანონპროექტი კონსტიტუციას არ შეესაბამება და მათ ავტორებს არ აინტერესებთ ის კრიტერიუმები, რაზეც თვითონვე ამახვილებდნენ ყურადღებას.
მისი თქმით, კანონპროექტის ავტორების მთავარი მიზანია კანონპროექტქში ნებისმიერი ცვლილების განხორციელება, რითაც შესაძლებელი იქნება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანდიდატების წარდგენის უფლება ჩამოერთვას.
„არასამთავრობოები და ზოგადად ალტერნატიული კანონპროექტის ავტორები არ არიან გულწრფელები. მათ რეალურად გამოაქვთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც არ შეესაბამება კონსტიტუციას. მათ არ აინტერესებთ კრიტერიუმები, რაზეც საუბრობდნენ და რისი საბაბითაც დაიწყეს მთელი ეს სასამართლოს ლანძღვა-გინების კამპანია. მათ აინტერესებთ ერთი რამე, რომ ყველანაირი ცვლილება შევიდეს, განხორციელდეს კანონში, რითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჩამოართმევენ უფლებას, რომ წარადგინოს კანდიდატები. მე, როგორც ასოციაციის თავმჯდომარე, პირდაპირ გეუბნებით, რომ გამოვხატავ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს პოზიციას. აქედან გამომდინარე, მე ვენეციის კომისიას მოვახსენე სასამართლოს პოზიციები, დანარჩენი ვნახოთ, როგორ განვითარდება,“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.