19 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
ევროსაბჭოს დელეგაციაში უფლებამოსილების დაჩქარებული წესით შეჩერების შემდეგ ეკა ბესელია "ოცნებისთვის" მძიმე კვირას აანონსებს

76 მომხრე 12 წინააღმდეგი - ქართული ოცნებიდან ხმაურით წასულ დეპუტატებს - ეკა ბესელიას და ზვიად კვაჭანტირაძეს, პარლამენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილება დაჩქარებული წესით შეუჩერა. ეს ორი დეპუტატი ევროსაბჭოს ყველაზე დიდი პოლიტიკურ ტრიბუნას ვეღარ გამოიყენებს, ასეთია ქართული ოცნების პოლიტიკური ვერდიქტი.

საპარლამენტო დელეგაციიდან ეკა ბესელიას და ზვიად კვაჭანტირაძის გამოთიშვაზე პარლამენტმა დღეს დაძაბული დებატების ფონზე დაჩქარებული წესით იმსჯელა. ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე სასწრაფო წესით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შემადგენლობიდან საგაზაფხულო სესიის გახსნამდე ერთი კვირით ადრე ამოიღეს.

მომავალ კვირას სტრასბურგში პრემიერი მამუკა ბახტაძე ჩადის. როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას სურდა, ზედმეტი პოლიტიკური უხერხულობა პრემიერისთვის თავიდან აეცილებინა და დარბაზში არ ყოფილიყვნენ ის დეპუტატები, რომლებიც ოცნებიდან ხმაურით წავიდნენ.

ბესელია ამბობს, რომ ის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი გახდა.

ეკა ბესელიამ დღეს პირობა დადო, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკურ გეგმებს ჩაუშლის და ოთხშაბათს სტრასბურგში ჩასულ პრემიერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზში, ზვიად კვაჭანტირაძესთან ერთად, დახვდება. ბესელია ბახტაძეს ევროპული ტრიბუნიდან მწვავე კითხვების დასმას უანონსებს.

საპარლამენტო ასამბლეის შიდა რეგულაციებით, თუ ქვეყანა დეპუტატს უფლებამოსილებას უჩერებს, ეს გადაწყვეტილება ძალაში მომავალი წლის იანვრიდან შედის. ასეა ბესელიას შემთხვევაშიც, მას სტრასბურგში სიტყვით გამოსვლა იანვრამდე შეეძლება. უბრალოდ, მისი მგზავრობის სასტუმროს და ცხოვრების ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან მოუწევს.

ეკა ბესელიას და ზვიად კვაჭანტირაძეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემადგენლობაში არჩილ თალაკვაძე და სოფო კილაძე შეცვლიან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღეს დამტკიცებული ახალი დელეგაცია სტრასბურგში პირველად მომავლი წლის იანვარში ჩავა.

დღის ამბები