ქვეყანაში გაზრდილია ქურდობის, ყაჩაღობის, ოჯახური ძალადობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტები - ამას შინაგან საქმეთა მინისტრი აღიარებს. თუმცა, უმძიმესი კრიმინოგენული მდგომარეობის მიუხედავად, გიორგი გახარია სტატისტიკის გაუარესებაში დრამატულს ვერაფერს ხედავს.
საქართველოში ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, გამოძალვისა და თაღლითობის შემთხვევებმა, ბოლო მონაცემით, 31%-ით მოიმატა. 2019 წლის პირველ ორ თვეში საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი 4905 დანაშაულია აღრიცხული - 1187-ით მეტი ვიდრე შარშან.
გაზრდილი კრიმინალის მიზეზებს შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს ორი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა უხსნიდა. ამ შეხვედრიდან გამოსული მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ქურდობისა და ძარცვის შემთხვევები ქვეყანაში მძიმე სოციალურ და ეკონომიკური მდგომარეობის გამო გაიზარდა.
არასამთავრობო ორგანიზაციებში ფიქრობენ, რომ დროა, გაუარესებულ სტატისტიკაზე, პოლიციის გარდა, პასუხისმგებლობა სხვა უწყებებმაც აიღონ, ვინც მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე არიან პასუხისმგებლები.
შინაგან საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ მონაცემები ძირითადად ქურდობისა და ძარცვის ხარჯზე გაიზარდა, მკვლელობისა და ყაჩაღობების რიცხვი კი ქვეყანაში არ გაზრდილა.
შარშანდელთან შედარებით, წელს პოლიციამ ოჯახური ძალადობის უფრო მეტი შემთხვევა აღრიცხა. ოფიციალური მონაცემებით, ასევე გაიზრდა ნარკოდანაშაული, კომპიუტერული და სამოხელეო დანაშაულებების შემთხვევებიც.
შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს ცვლილებები დააანონსა, თუმცა, ჯერ უცნობია, რა იქნება ნულოვანი ტოლერანტობის ალტერნატივა და რას გეგმავს მთავრობა ქვეყანაში გაუარესებული კრიმინოგენული ვითარების საპასუხოდ.