19 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
"ითხოვდა, რომ ხლაპუშკა აუფეთქეთ ერთი-ორიო" - სააკაშვილის თქმით, ივანიშვილი პატარკაციშვილის ქვეყნიდან გაშვებას ითხოვდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბადრი პატარკაციშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან მის ურთიერთობებზე კვირის აქცენტების სპეციალურ გამოშვებაში საუბრობს.

მისი თქმით, ბადრი პატარკაციშვილთან შეხვედრის დროს ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ვარდების რევოლუცია მის გეგმებში არ შედიოდა.

„არათუ ფულს არ გვაძლევდა, არამედ გვებრძოდა აქტიურად, მისი არხიც არ გვწყალობდა მაშინაც,“ - ამბობს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ასევე იხსენებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისგან ითხოვდა, რომ ბადრი პატარკაციშვილს საქართველო დაეტოვებინა.

„მეუბნებოდა, რომ ბადრი არის ძალიან საშიში, სულ იძახდა, რომ საშიშია. ითხოვდა, რომ ხლაპუშკა აუფეთქეთ ერთი-ორიო, მანქანის მარშრუტზეო, ან ჩაუდეთო მანქანის ქვეშო, რომ შეეშინდეს და წავიდეს ქვეყნიდანო. ადამიანი ამას რომ გეუბნება, მან აქვს კრიმინალის ფსიქოლოგია,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ივანიშვილი მის ზარებს უკვე აღარ პასუხობდა.

„მერაბიშვილის მეშვეობით გადმომცა, რომ მიშამ რაღაცაზე გამაბრაზაო, შარი მომდო. ამიტომ მე აღარ ვაპირებ მასთან საუბარსო. საუბარი იყო იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი დიდი დოყლაპიობა... უნდა მოგვეკიდა ქეჩოში ხელი და გაგვეშვა ქვეყნიდან. როცა უკვე პოლიტიკური გააკეთა, უფრო ადრეც უნდა გაგვეშვა, ორი მიზეზის გამო - ჯერ ერთი, საერთოდ არ იხდიდა გადასახადებს და მეორე, ეს იყო კაცი, რომელიც იყო რამდენიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეობა შევარდნაძისგან ჰქონდა მიღებული, მაგრამ ჩემი აზრით, ჰქონდა მიღებული არალეგალურად. მე არასდროს არ ვიყავი მომხრე ციხეში ჩასმის, ამიტომ ვიძახი, ქვეყნიდან უნდა გაგვეშვა. ის არის ძალიან დიდი საფრთხე. ამ მასშტაბის საფრთე არც პატარა ქვეყანას, არც დიდს არ შეუძლია, აიტანოს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

დღის ამბები