„საქართველო იყო ზედმეტად წარმატებული მათთვის,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა აგვისტოს ომის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთმა მეზობელ ქვეყნად წარმატებული სახელმწიფო ვერ აიტანა, რასაც ომი მოჰყვა.
„მათ უკანა ბოსტანში, ეზოში უცებ გაიზარდა რაღაც, სადაც კორუფცია არ იყო, სადაც ყოველგვარი ნავთობის და გაზის გარეშე ვაშენებდით ქალაქებს, სადაც მთელი მსოფლიო შეგვნატროდა, აშშ-ის პრეზიდენტი ჩამოდიოდა და ცეკვავდა, სადაც CNN-ზე გატრიალებდნენ, ლამაზი სურათები იყო და ა.შ. წარმატება რუსეთის ბოსტანში ვერ გვაპატიეს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ნიკა გვარამიას კითხვაზე, იყო თუ არა ომის გამომწვევი პირადი ფაქტორი, აღნიშნა, რომ „მე მქონდა თანასწორუფლებიანი დამოკიდებულება (პუტინთან), მაგრამ ძალიან ზრდილობიანი. პუტინს ყოველთვის ჰქონდა ჩემ მიმართ რაღაც სიმპათია“.