11 გავლენიანი ევროპარლამენტარის მიერ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინისთვისთვის გაგზავნილ წერილს „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული ეკა ბესელია ეხმაურება. დეპუტატის თქმით, ბოლო პერიოდში რეკომენდაციები და შეფასებები გამკაცრდა.
დეპუტატები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მოუწოდებენ, მოახდინოს გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ მან ოპოზიციასთან დიალოგი დაიწყოს, რათა ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024-ის ნაცვლად, 2020 წლის არჩევნებისთვის გადავიდეს.
ბესელიას თქმით, მკაცრი შეფასები და გზავნილები ერთგვარი ინდიკატორია იმის, რომ ცვლილებების დროა.
„ეს რთული იქნება, კონსტიტუციურ ცვლილებას ითხოვს. ამ პარლამენტში რთულად წარმომიდგენია ამის მიღწევა, მგონია, რომ განწყობა, რომელიც უკვე ერთმანეთს ემთხვევა ბოლო რეკომენდაციები, რასაც ვიღებთ და ჩვენი შიდა განწყობები, არის ძალიან საყურადღებო ინდიკატორი და ანგარიშის გაწევა სჭირდება. კონტექსტი და ლექსიკონი უფრო მკაცრი გახდა ბოლო პერიოდის ტექსტებში, მიმართვებსა და შეფასებებში ჩვენი ქვეყნის მიართ, ვიდრე ეს იყო აქამდე. მათ შორის ბოლო რეკომენდაციები და შეფასებები კიდევ უფრო მკაცრია. მგონია, რომ ეს ერთგვარი ინდიკატორია, რომ რაღაც მომწიფდა, დრო არის ცვლილებების. ამის განცდა და აღქმა იმის, რომ ცვლილებების განხორციელების დროა, აღქმა არ უნდა დაეკარგოს ხელისუფლებას,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
წერილში, რომელიც ევროპარლამენტარებმა ფედერიკა მოგერინის გაუგზავნეს, ისმის უმწვავესი შეფასებები და საპრეზიდენტო არჩევნების უპრეცედენტო კრიტიკა. მიმართვის ავტორები ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლინდა უმძიმესი დარღვევები, მათ შორის მასშტაბური ხმების ყიდვა, შურისძიების შიში და საჯარო მოხელეებზე ზეწოლა და დაშინება.
ამავე მიმართვაში ნათქვამია, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, 1991 წლის შემდეგ ყველაზე კრიტიკული იყო.