ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" კვლევის პრეზენტაციას დაესწრნენ და შედეგებს პირადად გაეცნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მესამე სექტორის აწილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის, თუ როგორია მოსახლეობის განწყობა ფულსა და პოლიტიკასთან დაკავშირებით.
არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლება კვლევის შედეგებს დეტალურად გაეცნოს და გაიაზროს, რადგან ადრესატი სწორედ ხელისუფლებაა.
„ეს მონაცემები აჩვენებს საზოგადოების განწყობებს, ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ განწყობები შეიცვალოს, გაქარწყლდეს. რადგან მოქალაქეები ასე ფიქრობენ, მათ ამის საფუძველს აძლევს გარკვეული მდგომარეობა, უნდა გამოირკვეს ეს საკითხები, იდენტიფიცირდეს პრობლემები და ამის შემდეგ ხელისუფლებამ უნდა გადაგას ყველა ქმედითი ნაბიჯი იმისთვის, რომ კორუფციის აღქმის ასეთი მაჩვენებელი შერბილდეს,“ - განაცხადა კონსტიტუციონალისტმა და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა, ვახუშტი მენაბდემ.
მესამე სექტორის წარმომადგენლების აზრით, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ კორუფციის აღქმის მაღალი მაჩვენებელი შემცირდეს.
„ეს არის ერთ-ერთი უახლესი კვლევა, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითია და აჩვენებს საქართველოს მოსახლეობის ზოგად განწყობებს, დემოკრატიასთან, ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო კონტროლის ხარისხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ კვლევის შედეგები ხელისუფლების მხრიდან სათანადოდ გააზრებული იყოს,“ - განაცხადა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები ფულის სანაცვლოდ მფარველობენ საკუთარ ბიზნესს. შედეგების თანახმად, ისინი იყენებენ ძალაუფლებას პირადი სარგებლისთვის და საკუთარი გავლენებით ფარავენ იმ უკანონო საქმიანობას, საიდანაც ისინი შემოსავალს იღებენ.