ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას საქმეზე ევროპარლამენტარების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ საქმე დროულად და ობიექტურად იყოს გამოძიებული, სამოქალაქო სექსტორის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.
მიხეილ ბენიძის განცხადებით, როდესაც ამ კონკრეტულ საქმეზე ევროპარლამენტის ტრიბუნიდან არის ძალიან მკაფიო გამოხმაურება, ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს.
„ამ ინსპექტირების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ბევრი სერიოზული ხარვეზი და დარღვევა იყო ამ საქმეში, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო სწორედ პოლიტიკურად მოტივირებული და სწორედ გარკვეული ანგარიშსწორების ნიშნით, დისკრიმინაციული ფორმით გატარებული ეს ინსპექტირება. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც ამ კონკრეტულ საქმეზე ევროპარლამენტის ტრიბუნიდან და ასეთი სერიოზული ინსტიტუციიდან არის ძალიან მკაფიო გამოხმაურება და პირდაპირი გზავნილი არის ეს საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ მნიშვნელოვანი არის ამ საქმის დროული, ადეკვატური სრულყოფილი გამოძიება,“ - განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძული აცხადებს, რომ ევროპალრამენტარების მოთხოვნა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაუყოვნებლივ პასუხს და რეაგირებას საჭიროებს.
„ია კერზაიას საქმე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელზეც საზოგადოებას ჯერ კიდევ ძალიან სერიოზული კითხვები რჩება. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ როგორც ჩანს არსებობს ძალიან მაღალი ინტერესი ამ საქმის მიმართ და რა თმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაუყოვნებლივ პასუხს და რეაგირებას საჭიროებს. პირველ რიგში ოჯახს და დაზარალებულებს უნდა ჰქონდეთ ამომწურავი პასუხი რასთან გვქონდა საქმე და უნდა იყოს რა თქმა უნდა სათანადო ნაბიჯები გადადგმული, რომ ოჯახს ჰქონდეს ამ საქმეში ჩართულობის შესაძლებლობა, მათ შორის სტატუსი საქმესთან დაკავშირებით და ასევე საზოგადოებამ მიიღოს პასუხები გამოძიების შედეგების შესახებ,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.
ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელაიამ, დღეს პროკურატურას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა.
მან პროკურატურისგან უარი ერთხელ უკვე მიიღო, თუმცა, დღეს მან სარჩელი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის სახელზე შეიტანა.
პროკურატურაში კი განმარტავენ, რომ ბაჩანა შენგელიას დაზარალებულის სტატუსი ვერ მიენიჭება, რადგან გამოძიება დასრულებული არ არის და ია კერზაიას გარდაცვალების საქმეში დანაშაული დადგენილი არ აქვთ.