ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები გავლენებს ბიზნესის მფარველობისთვის იყენებენ, მმართველი გუნდი ეხმაურება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, თანამდებობის პირების ქონების აღრიცხვის პროცესი გამჭირვალეა. მმართველი გუნდის დეპუტატის განმარტებით, იმ შემთხვეაში თუ კორუფციის ფაქტები გამოვლინდება, ხელისუფლების რეაგირება უმკაცრესია.
"გამოკითხულთა, თითქმის, ნახევარი ამბობს, რომ თანამდებობზე პირთა ყოფნა შესაძლოა, კავშირში იყოს ბიზნესინტერესებთან. ეს მეტწილად განპირობებულია იმით, რომ კორუფციის ფაქტებზე ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხდება ყოველთვის რეაგირება ეს არის საჯარო და ამას მედიაც აქტიურად აშუქებს. სხვა მიზეზებიც საინტერესოა და ამას აუცილებლად ჩავუღრმავდებით,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„კურიერი“ იმ დეპუტატებსაც ესაუბრა, ვინც პარლამენტის წევრიცაა და ამავე დროს ბიზნესსაც ფლობს. „ქართული ოცნების“ წევრი და „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი, ილია წულაია აცხადებს, რომ მისი ბიზნესი უკეთეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე ის კანონმდებელი გახდებოდა.
„თქვენ შეგიძლიათ ნახოთ იმ კომპანიის საქმიანობა, რომლის დამფუძნებელი მე ვარ, იმ სახელმწიფო ორგანოებიდან, ვისთანაც აქვს ურთიერთობა, რა ინტენსივობით აქვს თანხმობები მიღებული, ნებართვაბეთან დაკავშირებით, რა ოდენობით აქვს უარი მიღებული რომ შეადაროთ,“ - განაცხადა ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის” წევრმა და ”არქი ჯგუფის” დამფუძნებელმა, ილია წულაიამ.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები ფულის სანაცვლოდ მფარველობენ საკუთარ ბიზნესს. შედეგების თანახმად, ისინი ძალაუფლებას პირადი სარგებლისთვის იყენებენ და საკუთარი გავლენებით იმ უკანონო საქმიანობას ფარავენ, საიდანაც შემოსავალს იღებენ.