ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ კვლევას, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები გავლენებს ბიზნესის მფარველობისთვის იყენებენ, მესამე სექტორი ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციები თანამდებობის პირების მხრიდან ბიზნესის მფარველობისთვის გავლენების გამოყენებას სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ.
მესამე სექტორის წარმომადგენლები კორუფციის მაღალ დონეზე ამახვილებენ ყურადღებას. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ასევე მიუთითებენ, რომ ქვეყანაში კორუფციის ფაქტების ეფექტურად გამოძიების პრობლემა არსებობს.
„ერთი მხრივ, ჩვენ დავძლიეთ წვრილმანი კორუფციის პრობლემა დიდი ხნის წინ, სამსახურის დაბალ დონეზე ქრთამი მართლაც დღესაც იშვიათია, თუმცა მეორე მხრივ, კორუფციის სხვა გამოვლინებები ჩნდება პრობლემად. ცუდია, რომ ხელისუფლება პრობლემის სიმძიმეს დღემდე არ აღიარებს,“ - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერმა, ერეკლე ურუშაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ბიზნესის მფარველობისთვის გავლენების გამოყენება დემოკრატიული პროცესის განვითარებას ხელს უშლის.
„ჩვენი მოქალაქეების განწყობა, დაახლოებით ისეთია, როგორიც იყო გვიან საბჭოთა კავშირსა და შევარდნაძის პერიოდში. ეს ყველაფერი არ შეუწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარებას. ისინი, ფაქტობრივად, ნიჰილიზმის მდგომარეობაში არიან, ამავე დროს ინვესტირებას ხელს შეუშლის. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის. მდგომარეობა, რომელიც დღეს არის, ყველანაირად მეტყველებს იმაზე, რომ რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვშორდებით ამ იდეალებს,“ - განაცხადა სახალხო მოძრაობის ”შეაჩერე კორუფცია” დამფუძნებელმა, ქეთევან ენუქიძემ.