ევროპარლამენტის დეპუტატი ანა გომესი „კურიერთან“ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ იმ წერილზე საუბრობს, სადაც ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზეა ყურადღება გამახვილებული.
ევროპელი დეპუტატები მამუკა ბახტაძეს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმის გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას სთხოვენ. მათი აზრით, საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება.
ანა გომესი მიიჩნევს, რომ შემაშფოთებელია ის მინიშნება, რომ ია კერზაიას ინსულტი სტრესის გამო განუვითარდა, ხოლო მიზეზი კი განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული ინსპექტირება გახდა. მისი თქმით, ასევე აუცილებელია იმის გარანტია, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.
„შემაშფოთებელია მინიშნებები, რომ ინსულტი უზარმაზარი სტრესის გამო იყო გამოწვეული, მიზეზი კი განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული მოულოდნელი შემოწმებები გახდა. შემაშფოთებელია ისიც, რომ ია კერზაიას თანამდებობიდან მოხსნის რეკომენდაციებიც გაიცა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი თავის საქმეს კარგად აკეთებდა. რამდენადაც ცნობილია, ეს იყო შურისძიება უარზე, ელაპარაკა მას მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სასარგებლოდ. ზეწოლა შემაშფოთებელია, მაგრამ უფრო შემაშფოთებელია შურისძიება. შედეგი კატასტროფული დადგა. ის ფაქტი, რომ განათლების სამინისტროს ინსპექტორებს ამგვარი ქმედებებისთვის იყენებენ, რაც არანაირად შეესაბამება დემოკრატიული არჩევნების კონტექსტს, ძალიან სერიოზული საქმეა და საჭიროებს სათანადო გამოძიებას, პასუხისმგებლობის დაკისრებას და იმის გარანტირებას, რომ აღარასდროს განმეორდება,“ - განაცხადა ანა გომესმა.