საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გავლენიანი ევროპარლამენტარებისგან მკაცრი გაფრთხილება მიიღო. წერილი ბრიუსელიდან თბილისში უკვე გამოიგზავნა. გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ფონზე წარიმართა და ამის ნათელი მაგალითია ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის საქმე. 11 ევროდეპუტატი მამუკა ბახტაძეს სთხოვს, ხელისუფლებამ სასწრაფოდ გამოიძიოს, ია კერზაიას გარდაცვალების გარემოებები.
ევროპარლამენტარების მიმართვის მთავარმა ადრესატმა გავლენიან ევროპელ პოლიტიკოსებს დუმილით უპასუხა. პრემიერმა ია კერზაიას საქმეზე საუბარი არ ისურვა. ია კერზაიას შვილმა კი მმართველ პარტიას შეახსენა, რომ კერზაიას საქმე არის პირველი გახმაურებული ამბავი, რომელსაც ევროპარლამენტარებმა საგანგებო წერილი მიუძღვნა.
ევროპელი პოლიტიკოსების მიმართვის მიუხედავად, გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მეექვსე სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილს უარი უთხრა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭონ.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარების წერილმა ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან მათი აზრით, თბილისს გაუჭირდება გავლენიან ევროპელ პოლიტიკოსების მოთხოვნები უგულებელყოს.
„ქართული ოცნების“ წევრების თქმით კი, ყველა კითხვას გამოძიება გასცემს პასუხს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ია კერზაიას გარდაცვალების საქმის გამოძიებას მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკური ნება სჭირდება.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ საქმე დოკუმენტებით შეისწავლა და დაასკვნა, რომ განათლების სამინისტროს მიერ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების პროცესში პოლიტიკური დისკრიმინაციას აშკარა ნიშნების იკვეთება.