ნატოს მინისტერიალის პირველი დღე ვაშინგტონში - შეკრების დაწყებამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა კონგრესის ორივე პალატას მიმართა. სიტყვით გამოსვლისას იენს სტოლტენბერგმა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე , კიბერთავდასხმებზე, დემოკრატიულ პროცესებში ჩარევებსა და ნატოს მოკავშირეების შევიწროებაზე ილაპარაკა. მისი თქმით, ამის საპასუხოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კოლექტიური თავდაცვის სისტემას აძლიერებს. სტოლტენბერგი მთავარ პარტნიორებზე საუბრისას საქართველოს და უკრაინასაც ახსენებს და ამბობს, რომ ნატომ აძლიერებს მათ მხარდაჭერას.
„2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია უკანონოდ მოახდინა. ვხედავთ მისი ქმედებების მაგალითებს, სამხედრო ძალების მობილიზებას არქტიკიდან ხმელთაშუაზღვამდე და შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე. ვნახეთ როგორ გამოიყენა ნეიროტოქსინი გაერთიანებულ სამეფოში, როგორ უჭერს მხარს ასადის მკვლელ რეჟიმს, როგორ აწყობს კიბერთავდასხმებს ნატოს მოკავშირეების წინააღმდეგ და როგორ ახორციელებს დეზინფორმაციის კამპანიას და მუდმივად როგორ ცდილობს დემოკრატიაში ჩარევას. ნატომ მის ამ ქმედებას უპასუხა კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებით, პირველად განვალაგეთ ჩვენი ალიანსის აღმოსავლეთით საბრძოლო ქვედანაყოფები, გავაძლიერეთ მხარდაჭერა ჩვენი მჭიდრო პარტნიორებისთვის უკრაინისა და საქართველოსთვის, ორი სუვერენული ქვეყნისთვის, რომლებსაც აქვთ საკუთარი გზის არჩევის სუვერენული უფლება,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სიტყვით გამოვიდა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გეტემიულერიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ალიანსი ინტენსიურად მუშაობს საქართველოსა და უკრაინასთან.
„ნატო უკვე ინტენსიურად მუშაობს საქართველოსა და უკრაინასთან სამხედრო შესაძლებლობების, განსაკუთრებით საზღვაო ძალების და სანაპირო დაცვის გაძლიერებისთვის. მინისტრები განიხილავენ და შეთანხმდებიან ახალ პაკეტზე, რომელიც ითვალისწინებს უფრო მეტ ვიზიტს პორტებში და სწავლებების ჩატარებას. ჩვენი გემები ახლა ზღვაში არიან და წვრთნებს ატარებენ. დღეს უფრო მეტი ნატოა შავ ზღვაში და ამ რეგიონში ყოფნას გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდასაჭერად,“ - აღნიშნა როუზ გეტემიულერმა.