19 ნოემბერი 2024,   07:17
ვრცლად
წამზომზე აპელირება იმის ფონზე, რომ ჩვენ გვინდა რეალური სურათი მივიღოთ, შეიძლება არ იყოს სწორი მიდგომა - პრემიერი კერზაიას საქმეზე საუბრობს

„ეს არის ადამიანური ტრაგედია,“ - ასე ეხმაურება პრემიერი მამუკა ბახტაძე ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საქმეს.

პრემიერი მთავრობის სხდომის დაწყების წინ ია კერზაიას საქმეს მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც ევროპარლამენტარებისგან წერილი მიიღო, სადაც მათ უმკაცრესად მოითხოვეს ია კერზაიას საქმის გამოძიება. ბრიუსელში დარწმუნებული არიან, რომ ზუგდიდის სკოლის დირექტორი სწორედ პოლიტიკურ ზეწოლას შეეწირა.

პრემიერის თქმით, სკოლის დირექტორის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და მის ინტერესშიც შედის მომხდარის შესახებ რეალური სურათის აღდგენა. თუმცა, პრემიერის თქმით, ხარისხიანი გამოძიება მოკლე ვადებში ვერ მოხერხდება.

„მე კარგად მესმის, რომ საზოგადოებაში არსი ძალიან მაღალი ინტერესი, რომ გაირკვეს თითოეული დეტალი ამ ტრაგედიის გარშემო. ჩვენ ამავე დროს მოვისმინეთ მინისტრის კომენტარი და მინისტრი ყოველთვის მზად არის, რომ საზოგადოებას უპასუხოს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ამავე დროს ვიცით, რომ პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და მე ისიც კარგად მესმის, რომ საზოგადოებაში არის ინტერესი, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს გარკვევა და გამოძიების შედეგების დადგენა, არა მხოლოდ ამ საკითხზე, არამედ ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც არის მაღალი საჯარო ინტერესი. მაგრამ აქვე, ისიც მინდა მე ვთქვა, რომ მეც მაქვს ეს ინტერესი, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს სურათის გარკვევა, თუ რეალურად რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ ასე წამზომზე აპელირება იმის ფონზე, რომ ჩვენ გვინდა რეალური სურათი მივიღოთ, შეიძლება არ იყოს სწორი მიდგომა,“ - განაცხადა ბახტაძემ.

ევროპარლამენტარებმა მკაცრი გზავნილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გამოუგზავნეს. 11 ევროპელი პოლიტიკოსი მამუკა ბახტაძისგან ია კერზაიას საქმის გამოძიებას უმკაცრესად მოითხოვს.

ევროპარლამენტარები ია კერზაიას საქმის შესახებ დეტალურად საუბრობენ და ამბობენ, რომ საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება.

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე უარი უთხრეს.  ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი ითხოვს უკანონოდ იყოს მიჩნეული პროკურატურის უარი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე.  

უარის მთავარ არგუმენტად პროკურატურამ ის მასალები დაასახელა, რომელიც ამ დრომდე სამხარაულში ექსპერტიზაზეა. ია კერზაია გასული წლის დეკემბერში გარდაიცვალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები