19 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
ლევან იზორიას მოხსენება - ოკუპირებული საქართველოს თავდაცვის მინისტრს, სიტყვით გამოსვლის დროს აგრესორი რუსეთი არ უხსენებია

ოკუპირებული საქართველოს თავდაცვის მინისტრს 45-წუთიან საპარლამენტო გამოსვლაში რუსეთი არ უხსენებია. ლევან იზორიას შესავალ სიტყვაში არაფერი უთქვამს ქვეყანაზე, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი მავთულხლართებში მოიქცია. არ უთქვამს, რა საფრთხეებს ხედავს არმიის მეთაური რუსეთიდან და არც ის, როგორ აპირებს ქვეყნის მთავრი აგრესორისგან დაცვას.

იზორიას გამოსვლის ეს ნაწილი იმდენად შესამჩნევი იყო, რომ „ქართული ოცნების“ წევრების კრიტიკაც კი დაიმსახურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ მინისტრს დღეს სხდომაზე უსაყვედურა და განმარტებაც საჯაროდ მოსთხოვა.

მინისტრი იზორია თავშეკავებული იყო და არ გაუკრიტიკებია პრეზიდენტი ზურაბიშვილი იმ სკანდალური განცხადებების გამო, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს უკავშირდება. სალომე ზურაბიშვილი უკვე წლებია ამტკიცებს, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო. თავდაცვის მინისტრმა ოკუპანტი ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეებზე მხოლოდ ზოგადი კომენტარი გააკეთა.

თავდაცვის მინისტრმა საპარლამენტო გამოსვლის დროს ვრცლად ისაუბრა, როგორ შეიძინა დიდძალი ქონება. ილაპარაკა ბინების გაქირავების ოჯახურ ბიზნესზე და შემოსავალზე, რომელსაც ვაკეში და დიღომის მილიონრების უბანში კერძო საკუთრების გაქირავებით იღებს.

ჯარში ფულის შესაძლო გამოძალვა და საეჭვო ტენდერები იყო ის, რაზეც ოპოზიციამ მინისტრს ყველაზე მეტი კითხვა დაუსვა. კრიტიკულ კითხვებზე პასუხისას ლევან იზორია ყველაფერს ან „რუსთავი 2“-ის კრიტიკულ რეპორტაჟებს ან ოპოზიციის არასწორ ინტერპრეტაციას ან მის წინამორბედ მინისტრებს აბრალებდა.

თავდაცვის მინისტრი დღეს დეპუტატების შეკითხვებს თითქმის ცარიელ დარბაზში პასუხობდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები