პოლიტიკური კორუფციის ახალი სეზონი გახსნილია - „ქართული ოცნების“ ყულაბაში უკვე გროვდება მილიონები სასურველი კანდიდატების საარჩევნო კამპანიების დასაფინანსებლად. მმართველი პარტიის მთავარი შემომწირველები კვლავ ის ბიზნესმენები არიან, რომლებიც სახელმწიფო ტენდერების ხარჯზე გამდიდრდნენ.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ყულაბა უკვე მილიონი ლარით შეივსო. შუალედური არჩევნების წინ მმართველი პარტიის ანგარიშზე ფულის ჩარიცხვა მარტიდან დაიწყო.
მმართველი პარტიას 28 მარტს 60 ათასი ლარი შეწირა ბიზნესმენმა რომან აბრამიშვილმა. შემოწირულობამდე 2 კვირით ადრე კი, 5 მარტს, მისმა კომპანიამ წალკის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ორმილიონიანი ტენდერი მოიგო.
შემოწირულობის ახალ სეზონზე „ოცნების“ მთავარი სპონსორის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუს“ თანამშრომლები არიან. „ქართუ ბანკის“ დირექტორებმა 27 მარტს, ყველამ ერთ დღეს, „ქართული ოცნების“ ანგარიშზე, ათობით ათასი ლარი ჩარიცხვა დაიწყეს. „ქართუ ბანკის“ დირექტორებთან ერთად "ქართული ოცნების" ანგარიშზე ამავე დღეს თანხა ჩარიცხეს „ქართუ ფონდის“ სხვა მაღალჩინოსნებმაც.
მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს ბიზნესმენების ხელგაშლილობა არ უკვირს. ოპოზიცია კი ამ გადარიცხვების უკან კორუფციულ გარიგებას და ბიუჯეტის ხარჯზე მოქალაქეების დაზარალების სქემას ხედავს.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურ შემომწირველებშია შალვა სირაძეც, მან „ქართულ ოცნებას“ არჩევნების წინ 60 ათასი ლარი გადაურიცხა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სირაძე 15-მდე კომპანიის დირექტორია, მათ შორისაა გარე რეკლამების კომპანია „აუთდორის“ შვილობილი - „აუთდორ სეილი“ და „აუთდორ მედია ჰაუსი.“
„აუთდორი“ სალომე ზურაბიშვილის კამპანიის დროს „ქართული ოცნების“ მთავარი დასაყრდენი იყო, სწორედ მან დაუთმო მმართველი პარტიის მხარდამჭერებს სარეკლამო ადგილები თბილისში, სადაც პოლიტიკოსების და ჟურნალისტების მადისკრიდიტებელი ბანერები გამოკიდეს.
„ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველია RMG Gold-ის და RMG Copper-ის ყოფილი დირექტორი დავით ბალანჩივაძეც. ახალი კომპანიის Golden Group-ის დამფუძნებელმა ბალანჩივაძემ „ქართულ ოცნებას“ ასევე ფიზიკური პირისთვის მაქსიმალური თანხა 60 ათასი ლარი შეწირა.
„ქართულ ოცნებას“ ათიათასობით ლარი შეწირეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებმა და ახლო ნათესავებმაც. მათ შორისაა, ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი 50 ათასი ლარით და კახა კობიაშვილი 45 ათასი ლარით.
მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ ყულაბაში მილიონი ლარი უკვე ჩაირიცხა, ამავე პერიოდში „ნაციონალური მოძრაობას“ 12 600, „ევროპულ საქართველოს“ კი 820 ლარი შეწირეს.