19 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
მეგონა ისტორიას ჩავაბარეთ ადეიშვილის სტილი, როდესაც ეროვნული ბანკი და პროკურატურა უნისონში მუშაობდა, უკან გვაბრუნებთ? - გოგიჩაიშვილი გვენეტაძეს 

„მეგონა, რომ ჩვენ ისტორიას ჩავაბარეთ ადეიშვილის სტილი, როდესაც ეროვნული ბანკი და პროკურატურა უნისონში მუშაობდა, უკან გვაბრუნებთ?“ - ასე მიმართა პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თიბისი ბანკის საქმეზე საუბრისას.

ლევან გოგიჩაიშვილმა კობა გვენეტაძეს მოსთხოვა დააზუსტებინა, რა საფუძვლით დაიწყო 2008 წელს განხორციელებული ტრანზაქციის შესწავლა და დეპუტატს აინტერესებს, თუ აქვს ეროვნულ ბანკს ანალოგიური მაგალითები, რომელზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ლევან გოგიჩაიშვილს ასევე აინტერესებს "თიბისის საქმესთან" დაკავშირებით შეხვდა თუ არა კობა გვენეტაძე შს მინისტრს და პრემიერს.

„ყველაზე მძიმე ამ შემთხვევაში, რაც ჩემთვის არის ამ ისტორიაში, არის რაღაც დეჟა ვუ წარსულში დაბრუნების. მეგონა, რომ ჩვენ ისტორიას ჩავაბარეთ ადეიშვილის სტილი, როდესაც ეროვნული ბანკი და პროკურატურა უნისონში მუშაობდა, უკან გვაბრუნებთ? გქონდათ თუ არა თქვენ რაიმე კონსულტაციები და შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, შს მინისტრთან და იყო თუ არა თქვენ შორის კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატის თქმით, ამ ეტაპზე "თიბისი ბანკიდან" თანამშრომლებს ათავისუფლებენ დაკავებული პოზიციებიდან და სამსახურიდან უშვებენ. ამასთან დაკავშირებით, გოგიჩაიშვილმა მოუწოდა კობა გვენეტაძეს განმარტოს, ხომ არ ხდება კადრების გათავისუფლება ეროვნული ბანკის მითითებით.

„ჩვენთვის ინფორმაცია გახდა ცნობილი, რომ "თიბისი ბანკიდან" ხდება ადამიანების დათხოვნები, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც ძალიან მაღალ თანამდებობებს იკავებენ "თიბისი ბანკში", ასოცირებულები არიან და იგულისხმებიან გუნდის წევრებად დამფუძნებლის. ხდება თუ არა თქვენი მითითებით დათხოვნის მოთხოვნის გაგზავნა ბანკში? ეს კითხვები არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილის მორიგი კითხვა კვლავ პროკურატურის მიერ გამოძიებას შეეხო. დეპუტატი მოუწოდებს ეროვნულ ბანკის პრეზიდენტს, დააფიქსიროს პოზიცია "თიბისის" საქმესთან დაკავშირებით - არის თუ არა ეს ფულის გათეთრება.

„თვლით, თუ არა დღეს თქვენ, რომ პროკურატურამ ზუსტად ის საფუძვლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე, კვალიფიკაცია ზუსტად ისეთი მისცა, როგორი მოთხოვნაც თქვენ გადააგზავნეთ, ან როგორი ინფორმაციაც მიაწოდეთ. თვლით, თუ არა თქვენ პირადად, რომ ეს არის ფულის გათეთრება,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით უკვე წარდგა. ახლა ის დეპუტატების კითხვებს უსმენს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები