ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, აცხადებს, რომ „TBC ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძე დაგეგმილი შემოწმების შესახებ გააფრთხილა.
„ერთ-ერთი შეხვედრისას ნამდვილად ვუთხარი მამუკა ხაზარაძეს, რომ ჩვენ ვალდებული ვიყავით შეგვესწავლა ფაქტები და გამოვლენილ დარღვევებზე თვალს ვწერ დავხუჭავდით,“- განაცხადა გვენეტაძემ.
მისი თქმით, მან მამუკა ხაზარაძეს ურჩია, რომ თუ დარღვევების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოვლენილ ფაქტებს არ დაეთანხმებოდა შეეძლო, სასამართლოსთვის მიემართა.
კობა გვენეტაძის თქმით, “TBC ბანკის“ შემოწმება ახლა არ დაწყებულა, თუმცა მისი თქმით, ადგილი აქვს ეროვნული ბანკის დისკრედიტაციის მცდელობა.
„ეროვნული ბანკის დადანაშაულება და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით არანორმალური პროცესია, მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ხშირად ამბობენ,რომ თითქოს ბანკი წაართვეს, ხაზგასმით აღვნიშნავ,რომ მათი წილები არის უცვლელი,“- განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, „ეროვნული ბანკის მცდელობა მოეძებნა სიტუაციიდან გამოსვლის რაციონალური ფორმა შანტაჟად იქნა შერაცხული - თურმე საბანკო ზედამხედველობა შანტაჟია“.
კობა გვენეტაძე ამბობს, რომ მისთვის უჩვეულოა საზედამხედველო საკითხებზე საჯაროდ საუბარი, თუმცა მისი თქმით, მას კარგად აქვს გაცნობიერებული საქმის რეზონანსულობა.
გვენეტაძის თქმით, მათ კარგად იცოდნენ,რომ საქმე საზოგადოებისთვის ცნობილ და ამავდროულად მნიშვნელოვანი სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანებს ეხებოდა. ამიტომ მოლოდინიც ჰქონდათ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მათი მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვებოდა
„ჩემთვის საკმაოდ უჩვეულოა მსგავს საკითხებზე საჯაროდ საუბარი, ვინაიდან ვსაუბრობ ზედამხედველობის ერთი კონკრეტული სუბიექტის მიმართ გატარებულ საზედამხედველო ღონისძიებებზე, რომელთა გატარებასაც კანონი და მანდატი გვავალდებულებს და რომლის მსგავსი, შინაარსობრივადაც და ტექნიკურადაც ადრეც განუხორციელებია. დღესაც ვთვლი, რომ ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ გამოყენებული კონკრეტული საზედამხედველო ღონისძიებების პარლამენტის ტრიბუნიდან განხილვა მიზანშეწონილი არ არის.
მსგავსი შემთხვევა რეგულატორებისთვის რიგითი, კლასიკური საზედამხედველო შემთხვევაა, მაგრამ ეს შემთხვევა საზოგადოებისთვის ცნობილ და ამავდროულად მნიშვნელოვანი სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანებს ეხებოდა. ამიტომ ნამდვილად მქონდა მოლოდინი, რომ ჩვენს გადაწყვეტილებას მათი მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვებოდა, მაგრამ ეს გარემოება არ გვაძლევდა უფლებას, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა სერიოზულ დარღვევებზე. დაფიქსირებულ ფაქტებზე თვალის დახუჭვა იქნებოდა ეროვნული ბანკის მანდატის შეუსრულებლობა, რაც შეარყევდა ნდობას როგორც ჩვენი, ასევე მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ.
შესაბამისად ჩვენ ვიმოქმედეთ დამოუკიდებლად და ცივი გონებით, გავაკეთეთ ის, რაც აუცილებელია საფინანსო სექტორის განვითარებისთვის, რაც ყველა პარამეტრით იყო სწორი და არა ის, რაც პოპულარული იქნებოდა“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.