ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატები იუსტიციის სამინიტროს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
უფლებადამცველების მტკიცებით, 25 მარტიდან, მას შედეგ, რაც სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში შევიდა, იუსტიციის სამინისტროს უნდა ემსჯელა ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხზე. ადვოკატების თქმით, მათ ამ დრომდე არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი არ მიუღიათ. მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.
"როგორც ჩანს, იუსტიციის სამინისტრო მთლიანად იგნორირებას უკეთებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ,რომ მან ან არ განიხილა, ან განიხილა და პასუხი იქნება უარყოფით, რომელსაც ალბათ რამოდენიმე დღეში შეგვატყობინებენ. ეს კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მერაბიშვილის მიმართ მიმდინარეობს გაცხოველებული პოლიტიკური დევნა, ეს ადამიანი არის პოლიტიკური პატიმარი. ჩვენ ველოდებით ივნისში მინისტერიალის მეორე ვადას, რომელიც ჩანიშნულია.
ბუნებრივია, წარვადგენთ ამ დოკუმენტებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაში არის შესული, არ მოხდა ამის გადასინჯვა და ახალი საფუძვლებით მისი გათავისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უკვე გვეცოდინებოდა ამასთან დაკავშირებით,“- ამბობს გიორგი ჩივიაშვილი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც ძალაში 25 მარტს შევიდა, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და შესაბამის საბჭოს დაევალა, ხელახლა იმსჯელონ ვანო მერაბიშვილის საკითხთან დაკავშირებით და მიიღონ ახალი სამართლებრივი აქტი.