ოპოზიცია ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ვითარების ფონზე, ემიგრანტების გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ვითარება რთულია და მის გამოსასწორებლად მმართველი გუნდი არაფერს აკეთებს.
მათვე თქმით, საქართველოს მთავრობა არათუ არაფერს აკეთებს ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრებ ემიგრანტების დასახმარებლად, არამედ მათ ხელს უშლის.
ოპოზიციის თქმით, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ ემიგრანტებს ნორმალური პირობები ჰქონდათ და დასაქმება ლეგალურად შეძლონ.
„უამრავ ადამიანს, სამწუხაროდ, უწევს უკეთესი ცხოვრების ძიება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეს ძალიან რთული და სამწუხარო მოცემულობაა, რის შესაცვლელადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებს იმიტომ, რომ მათი მინისტრები მხოლოდ საკუთარი ჯიბეების გასქელებით არიან დაკავებული. ბატონი კობახიძის უფროსმა ბიძინა ივანიშვილმა თავად აღიარა, რომ მოუწია გიორგი კვირიკაშვილის გაშვება იმიტომ, რომ მან ვერ შეძლო ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორება. ასე, რომ ეს არანაირი სპეკულაცია არ არის. დაუჯეროს თავის უფროსს ამ ნაწილში და გაიგებს, რომ კვირიკაშვილი სწორედ იმიტომ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რომ მან ვერ გამოასწორა მძიმე ეკონომიკური სიტუაცია,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.
ოპოზიცია ხელისუფლებას სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს.
„როცა ჩვენი პარტნიორები საქართველოს აცხადებენ უსაფრთხო ქვეყნად, საქართველოს მთავრობა ამითი ამაყობს. სინამდვილეში უსაფრთხო სტატუსი ნიშნავს იმას, რომ იქ მყოფ ქართველებს დაადეპორტებენ გამარტივებული წესით სასამართლოს გარეშე. ამის საწინააღმდეგოდ მთავრობა ჩვენი პარტნიორებისგან უნდა ითხოვდეს, მაგალითად, შრომის ბაზრის გახსნას და ლეგალური სამუშაო კვოტების მიცემას იქ მყოფი ქართველებისთვის. ამას ჩვენი ხელისუფლება არ აკეთებს. ქართველები უცხოეთში დღეს არიან აბსოლუტურად უპატრონოდ დატოვებულები. მათ არ აქვთ თავშესაფარი, კანონიერი სამუშაო, არ ჰყავთ ვინმე, ვინც მათ მიხედავთ და გვერდში დაუდგება,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.