19 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
"მოხდა თუ არა ფულის გათეთრება, ჩვენ ამის არც მანდატი და არც კომპეტენცია არ გვაქვს," - გვენეტაძე TBC ბანკის საქმეზე საუბრობს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. მთავარი საკითხი, რომლის ირგვლივაც მინისტრს ყველაზე მეტი კითხვის მოსმენა მოუწია, TBC ბანკის სკანდალური საქმეა.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ბანკთან მიმართებაში ეროვნული ბანკი მხოლოდ მისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებდა და ასრულებდა ზედამხედველობით ფუნქციას.

გვენეტაძე ამბობს, რომ TBC ბანკის შემოწმების საფუძველი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოგზავნილი შეტყობინება გახდა. მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე მისგან ითხოვდა წერილს, სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია. 

გვენეტაძე ამბობს, რომ მოხდა თუ არა ფულის გათეთრება, ამის მტკიცების, ან უარყოფის კომპეტენცია ეროვნულ ბანკს არ გააჩნია.  

„შემოწმების საფუძველი იყო ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოგზავნილი შეტყობინება. ის, თუ რატომ დაიწყო პროკურატურამ საქმე, ეს არის პროკურატურის საკითხი, ეს არ არის ჩვენი იურისდიქცია. ეროვნული ბანკის ფუნქცია ფულის გათეთრების საკითხებთან დაკავშირებით არის, რომ ჩვენ შევამოწმოთ შესაბამისობა,  მოხდა თუ არა ფულის გათეთრება ჩვენ ამის არც მანდატი და არც კომპეტენცია არ გვაქვს, ეს ჩვენ არც გვევალება.

"ბანკის მხრიდან და ბატონი მამუკას მხრიდან იყო სურვილი, რომ ჩვენ მიგვეცა წერილი, რომელიც ამბობდა, რომ ფულის არ გათეთრებულა. რაზეც ავუხსენით, რომ ეს ჩვენი მანდატი არ არის და ასეთ წერილს ჩვენ ვერ მივცემთ,"-განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ჰქონდა თუ არა მას TBC ბანკის საქმეზე პროკურატურასთან ან  პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაცია, გვენეტაძე ამბობს, რომ გარდა საქმიანი ურთიერთობისა, რომელიც ეროვნულ ბანკს პროკურატურასთან აქვს, სხვა სახის ურთიერთობას ადგილი არ ჰქონია. 

„გარდა იმისა, რომ საქმიანი ურთიერთობა, რომელიც ეროვნულ ბანკს და პროკურატურას აქვს, მე სხვა ურთიერთობა არ მქონია, ბუნებრივია,“- ამბობს გვენეტაძე. 

დღის ამბები