ახალი საბანკო რეგულაციები რომ არ მიგვეღო, გაცილებით უარესი სიტუაცია იქნებოდა - ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამნეტში დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ გააკეთა.
კანონმდებლებმა კობა გვენეტაძეს სთხოვეს განემარტა, როგორ გააუმჯობესა ახალმა საბანკო რეგულაციებმა მოქალაქეების პირობები.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ საბანკო რეგულაციების გამკაცრებით პრობლემა უფრო გამწვავდა, ვიდრე გადაიჭრა და ადამიანები ვერ ახერხებენ ვერც საბანკო სესხით და ვერც განვადებებით სარგებლობას.
გვენეტაძე კი ფიქრობს, რომ რეგულაციებმა შედეგი უკვე გამოიღო, მისი განმარტებით, ხალხმა უნდა იცოდეს რა სესხს იღებს, რამდენს და როგორ გადაიხდის მას.
„ასე რომ გაგრძელებულიყო ეს სიტუაცია, გაცილებით უარესი სიტუაცია დადგებოდა. შავ სექტორთან დაკავშირებით მაშინვე ვთქვით, რომ შავი სექტორი ადრეც არსებობდა და სამწუხაროდ ყოველთვის იარსებებს, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ ის ზომა, რომელიც არსებობდა ამ მიმართულებით, შეიძლება გადანაცვლდეს შავ სექტორში. ხალხმა უნდა იცოდეს, რა სესხს იღებს, რამდენ სესხს იღებს და რის მომსახურებას შეძლებს, სხვანაირად ეს აბსოლუტურად შეუძლებელია“- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.