სასამართლოს შესახებ ჩატარებული კვლევა იუსტიციის საბჭოსა და სამოქალაქო სექტორის შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. ირკვევა, რომ სასამართლოს მიმართ ხალხის ნდობა განსაკუთრებით დაბალია და მათი უმრავლესობა ასევე დარწმუნებულია, რომ მართლმსაჯულების სისტემა კლანის მეშვეობით ხელისუფლების ტოტალური კონტროლის ქვეშ იმყოფება.
რას ფიქრობს ხალხი სასამართლოზე, მათი აზრი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დაკვეთით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე შეისწავლეს. სასამართლო სისტემა ქვეყანაში მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა - ასეთია მოსახლეობის უმრავლესობის, 53 %-ის აზრი.
მოსახლეობის 48% ფიქრობს, მოსამართლეები მიკერძოებულები არიან, 43 პროცენტი ფიქრობს, რომ სასამართლოს კლანი მართავს. ამ ადამიანების 87% დარწმუნებულია, რომ გავლენიან ჯგუფს სასამართლოში რომელიც ყველას და ყველაფერს აკონტროლებს ხელისუფლება მფარველობს.
გამოკითხული მოქალაქეების 83%-ის აზრით ის მოსამართლეები, ვინც წარსულში უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღეს, სასამართლოს უნდა ჩამოშორდნენ. მოსახლეობის 46% გამოსავალს, ახალი მოსამართლეების მისვლაში ხედავს.
კვლევის შედეგები მოსამართლეების ნაწილსა და სამოქალაქო სექტორს შორის მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა. იუსტიციის უმაღლესი მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა დღეს გავლენიანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებს „სარდაფის კვლევა“ უწოდა.
გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობის მსგავსად, ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ სასამრთლოს პრობლემა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მმართველობაშია.
ხელისუფლების შტოებს და ინსტიტუციებს შორის სასამართლო ხელისუფლება ნდობის თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, სასამართლოს გარდა ნდობის ასეთი დაბალი შეფასება მხოლოდ პარლამენტმა მიიღო.