19 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
"ჩვენი კანონპროექტით იქნება ღია კონკურსი" - ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს რუსთავში განიხილავენ 

პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ამ წუთებში რუსთავში განიხილავენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკუთარი ვერსია ეკა ბესელიამ თავად წარადგინა. შეხვედრას საზოგადოების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებიან.

კანონპროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ მათ შეხვედრები დაიწყეს სხვადასხვა ჯგუფის საზოგადოების წარმომადგენლებთან, რადგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაში საზოგადოების წევრებიც უნდა იყვნენ ჩართული.

კანონპროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, მიერ წარმოდგენილი კანონპროექტისგან განსხვავებით, მათი კანონპროექტის შესაბამისად, მოსამართლეების არჩევა მოხდება უფრო გამჭვირვალედ და დემოკრატიული პროცესებით.

ეკა ბესელიას თქმით, მისი და მისი თანამოაზრეების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით, კონკურსში მონაწილეობა ყველას შეეძლება და პარლამენტს შეეძლება, ფართო სპექტრიდან საუკეთესო მოსამართლეები აირჩიოს. 

ეკა ბესელია-ის სურათის შედეგი

„ეს იყოს გახსნილი პროცესი და არა ის, რომ იუსტიციის საბჭო დაჯდეს, დაწეროს ისევ ის 10 კაციანი სია, რომელიც მე დეკემბერში შევაჩერე და ახლა არის მცდელობა, რომ უკვე სხვა გზით და მეთოდებით შემოიყვანონ ის მოსამართლეები ისევ სასმართლოში... კობახიძის ვერსიაში არის რეალურად ის, რომ დღეს მოქმედი, ჩაკეტილი სასამართლო სისტემიდან ქვემოდან გადაინაცვლონ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებმა. პარლამენტმა უმჯობესია, დაკარგოს მეტი დრო, მოუსმინოს მეტ კანდიდატს, ვიდრე იუსტიციის საბჭომ დაუწეროს ისეთი სია, როგორიც დეკემბერში მივიღე მე, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ და რომლის შეჩერებას მოჰყვა შემდეგ ამდენი ვნებათაღელვა, ჩემი გადადგომა და ამდენი პროტესტი,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის წევრი, ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის სწორედ იმაზეა დაფუძნებული, რომ უზენაეს სასამართლოში კლანის ინტერესები მაქსიმალურად დაცული იყოს.

გედევან ფოფხაძე-ის სურათის შედეგი

„საზოგადოებისთვის იმის თქმა, რომ საქართველოში ჩინჩალაძის და მურუსიძის გარდა, არავის არ შეუძლია, სამართალი დაუდგინოს ქართველ ხალხს და ვინ უნდა დაუდგინოს, ესეც მათი გადასაწყვეტია, მე მგონია, რომ კანონის დონეზე, ასეთი რამის გაფორმება არის ყოვლად დაუშვებელი და უმრავლესობის მიერ შემოტანილი კანონპროექტი სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული, რომ იქ უზენაეს სასამართლოში სწორედ კლანის ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული და ჩვენ გვინდა, რომ ეს პრინციპი იყოს მაქსიმალურად იყოს იგნორირებული,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტის წევრი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი, მიიჩნევს, რომ მოსახლეობის თვალში სასამართლოს ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული. მისი თქმით, როდესაც მოსამართლეს პარლამენტი ირჩევს, შერჩევის პროცესში საზოგადოებაც ირიბად მონაწილეობას იღებს, განსხვავებით იმ დროს, როდესაც იუსტიციის საბჭოს მიერ ხდება მოსამართლეების შერჩევა.

"მოსახლეობა თუ არ ენდობა სასამართლოს, რაც არ უნდა იურიდიული ფორმა არსებობდეს, ლეგიტიმაცია არ არსებობს, საერთო სახალხო ლეგიტიმაცია, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს ქვეყანას იმიტომ, რომ სასამართლოს მიმართ თუ ნდობა არ არის, მაშინ გამოდის, რომ არაფრის მიმართ ნდობა არ არის ამ ქვეყანაში და ქვეყანა დგას სერიოზული კრიზისი წინაშე. პარლამენტის მიერ მოსამართლის არჩევა ნიშნავს თქვენს ირიბ მონაწილეობას ამ არჩევნებში, მაგრამ იუსტიციის საბჭო როდესაც ირჩევს მოსამართლეს, იქ თქვენ არ მონაწილეობთ, იქ მონაწილეობს ელიტური ჯგუფი,“ - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

 

 

დღის ამბები