სამშენებლო მოედნებზე დაღუპული მუშების საქმეების უდიდესი ნაწილი გამოუძიებელია. პრაქტიკულად, ხელისუფლებას არავინ დაუსჯია ადამიანების სიკვდილის გამო, ხოლო ვინც დასაჯეს მალავე საპროცესო გარიგებით გამოუშვეს, ფულის გადახდის შემდეგ.
დავით აბესაძე ის 68-ე მუშაა, რომელიც 2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. 26 წლის მშენებელმა მშობლიურ ჭიათურაში სამსახური ვერ იშოვა და თბილისში კომპანია ხიმიჯ მშენში დასაქმდა.
სამშენებლო მოედანზე ან სხვა ადგილზე დასაქმებულის სიკვდილის შემედგ გამოძიება ყოველთვის იწყება, თუმცა, ბოლოში, თითქმის, არასდროს გადის, თუ გადის პროკურატურა საპროცესო გარიგებას აფორმებს.
სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც შრომის უფლებებისთვის ქუჩაში არაერთხელ მდგარან, წლიდან წლამდე უბედური შემთხვევის ზრდას შემაშფოთებელი სტატისტიკას უკავშირებენ.
ლევან ლორთქიფანიძე დარწმუნებულია, რომ სამუშაო ადგილებზე დაღუპული და დასახიჩრებული მოქალაქეების რიცხვი გაცილებით დაბალი იქნებოდა, კანონი და სახელმწიფო რეალურ დამნაშავეებს საკადრის პასუხს რომ სცემდეს.
59 დაღუპული და 199 დაშავებული - ეს 2018 წელია, სულ 248 საქმე. ყოველწლიურად საგამოძიებო უწყებებში უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევის მუხლით დაწყებული ათობით საქმე დევს, თუმცა, უმრავლესობას ბრალდებული არ ჰყავს.
გასულ წელს 35 ასეთი საქმე დასრულდა. საპატიმროში 2 დამნაშავე გაუშვეს. სხვა შემთხვევაში, როგორც წესი, საპროცესო შეთანხმება ფორმდება.
სახალხო დამცველი წერს, რომ 2018 წელს სამუშაოს შესრულების დროს 59 ადამიანი დაიღუპა. მიმდინარე წლის 3 თვეში კი 9 მსხვერპლია.
2019 წლის პირველ ორ თვეში, ოფიციალური მონაცემებით, უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევის სულ 117 შემთხვევაა რეგისტრირებული მაშინ, როცა 2018 წლის პირველ ორ თვეში 37 იყო.
რატომ არის სტატისტიკა მზარდი, როგორი საქმეები და რა სახის საგამოძიებო პრაქტიკა დგას ციფრების უკან, ან აპირებს თუ არა სამართალდამცავი უწყება სანქციებს გადახედოს, შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტებები არ კეთდება.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი