„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ზესტაფონში მერობის კანდიდატი წარადგინეს. მმართველ გუნდს ზესტაფონში მერის შუალედურ არჩევნებში გიორგი გოგლიჩიძე წარმოადგენს. მისი წარდგენის დროს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ გიორგი გოგლიჩიძე ის ადამიანია, რომელიც ზესტაფონში დაწყებულ საქმეებს ბოლომდე მიიყვანს.
„ჩვენთვის გიორგი არის პრინციპულობის და სამართლიანობისთვის ბრძოლის მაგალითი. განათლებული კაცი, რომელიც გვჯერა რომ ზესტაფონის ბიუჯეტს საჯარო ფინანსებს დახარჯავს მხოლოდ და მხოლოდ მაღალი პასუხისმგებლობით და თქვენი საჭიროებისთვის. ადამიანი, რომელიც თავისი პოლიტიკური გამოცდილებით და განათლებით, ყველა პროექტს სათანადო ყურადღება დაუთმოს და მაქსიმალურად ეცდება, რმ ყველა თქვენგანი ჩართოს მუნიციპალიტეტის მართვაში,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ”ქართული ოცნებიდან“, გიორგი გოგლიჩიძემ, პარტია „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.
„მჯერა თითოეული თქვენგანის, როგორ აქამდე მიდექით გვერდში, ყველა იმ უსამართლობაში, რაც ჩვენ არ მოგვწონდა. ჩვენ ამისთვის ვართ ღია და მომართული იმისათვის, რომ საქმე ვაკეთოთ. 2019 წლიდან იწყება ზესტაფონისთვის უპრეცედენტო პროექტები. ეს იქნება ინფრასტრუქტურული, წყლის, ასევე გაზიფიცირების. ძალიან მალე, თქვენ თვითონ ნახავთ, თუ რა შეუძლია გუნდს, რა შეუძლია ერთად დგომას,“ - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.
პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.