ზუგდიდის მერის არჩევნებამდე ერთ თვეზე ოდნავ მეტი დარჩა და პოლიტიკურმა ძალებმა უკვე დაიწყეს თავიანთი კანდიდატების წარდგენა.
გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ზუგდიდის მერობისთვის სანდრა რულოვსი იბრძოლებს. მან უარი თქვა წარდგენის გავრცელებულ ფორმაზე - შეკრებილი ამომრჩევლით, საზეიმო სცენით და ტრიბუნით და საკუთარი კანდიდატურა კლიპით წარადგინა.
ვიდეო სულ ცოტა ხნის წინ, ზუსტად 09:00 საათზე გავრცელდა ინტერნეტით.
სანდრა რულოვსი საარჩევნო ვიდეოკლიპში ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, სახელისუფლებო კორუფციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ 19 მაისს ზუგდიდში ის დაამარცხებს ბოროტებას.
„19 მაისს ზუგდიდში ჩვენ დავიწყებთ ბოროტების დამარცხებას. აქ ცხოვრობს გულანთებული, იდეალისტი და გაუტეხელი ხალხი. აქედან არაერთხელ დაწყებულა ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და მე მჯერა რომ ახლაც ასე იქნება,“-მიმართავს ამომრჩეველს სანდრა რულოვსი.
კანდიდატი საარჩევნო კლიპში ლაზიკის პორტის აშენების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია გამოიყენებს საერთაშორისო კონტაქტებს ამ პროექტის დასასრულებლად.