გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ზუგდიდში მერობისთვის სანდრა რულოვსი იბრძოლებს. გაერთიანების ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ „ოცნების“ ხელისუფლება შეეცდება ყველა აკრძალული მეთოდი გამოიყენოს იმისთვის, რომ სანდრა რულოვსს გამარჯვებაში ხელი შეუშალოს, თუმცა გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია დაიცავს თითოეული მოქალაქის ხმას.
„2016 წელს ქალბატონმა სანდრამ უკვე მოიგო არჩევნები ზუგდიდში მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ იმ არჩევნებთანაც კი არ შეედრება ის სიბინძურე, ის მოსყიდვის მასშტაბი, კრიმინალების ჩართვა დღევანდელ არჩევნებში იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" შესანიშნავად ესმის, რომ მათი წამზომი ჩართული არის, ხელისუფლებიდან წასვლის დრო მოვიდა. ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ ქალბატონ სანდრას ხელი შეუშალონ ზუგდიდის არჩევნებში გამარჯვებისთვის. მაგრამ ჩვენ გაერთიანებული ოპოზიცია ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კი არ გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, პატიოსანი ადამიანები ისეთი როგორიც სანდრა რულოვსია შევიყვანოთ ადგილობრივ თვითმმართველობაში, რომ ამ მოკლე პერიოდში ვაჩვენოთ რა შეუძლია შეზღუდული ფინანსური მდგომარეობის დროსაც კი ჩვენს ქალაქებს, ჩვენს სოფლებს ჩვენს თვითმმართველობას გააკეთოს რიგითი მოქალაქისთვის,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ კვლევების მიხედვით სანდრა რულოვსი უდაო ფავორიტია სამეგრელოში. ოპოზიციის წევრები დარწმუნებულები არიან რომ სანდრა რულოვსი შეძლებს დაამარცხოს "ქართული ოცნება" ზუგდიდში.
„სახადი და პრობლემა რომელიც საქართველოს ხელისუფლების სახით და "ქართული ოცნების" სახით დღეს საქართველოს შეეყარა, აუცილებლად დამარცხდება ზუგდიდში და ამის სასარგებლოდ მეტყველებს საზოგადოების განწყობა პირველ რიგში და იმ კანდიდატის შესაძლებლობები რომელიც არის სანდრა რულოვსის შესაძლებლობები,“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
სანდრა რულოვსს მხარდაჭერას უცხადებს "ევროპული საქართველოც." როგორც გიგი უგულავა აცხადებს, პარტია ჩართულია სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიაში.
„ოპოზიციის შანსები და საკუთრივ ქალბატონი სანდრა რულოვსის შანსები გამარჯვების მათ შორის გაყალბების პირობებშიც კი იმიტომ, რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ გაყალბებისთვის სანდრას გამარჯვების შანსები არის ძალიან მაღალი. მეტიც, სანდრა გაიმარჯვებს. ჩვენ, "ევროპული საქართველო" მივიღებთ მონაწილეობას ქალბატონი სანდრას კამპანიაში. ადგილობრივი ჩვენი ოფისი სრულად არის ამ საქმეში ჩართული, ისევე როგორც ჩვენ ვთანამშრომლობთ ენმ-სთან მთაწმინდის ოლქში. მე დარწმუნებული ვარ რომ 19 მაისი ზუგდიდი და მთაწმინდა ერთობლიობაში იქნება ის წითელი ღილაკი რომელსაც "ქართული საზოგადოება" აუნთებს ბიძინა ივანიშვილის მმართველობას,“-განაცხადა გიგი უგულავამ.