„მერე შეგრცხვებათ უბრალოდ იმ საქციელის, რომელიც გულისხმობს ეროვნული ბანკის ინსტრუმენტად გამოყენებას პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში,“ - ამ სიტყვებით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.
ოთარ კახიძემ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმყოფება, საბანკო რეგულაციებსა და "თიბისი ბანკის" საქმეზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ კობა გვენეტაძეს დააკისრა.
ოთარ კახიძემ "თიბისი ბანკის" საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ კობა გვენეტაძე მმართველი გუნდის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს და ეროვნული ბანკის იმიჯს ლახავს.
„ბატონო კობა, თქვენ ხართ სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელი - არ შეიძლება საკუთარი თავი გამოაყენებინოთ პარტიის თავმჯდომარეს თუ ვიღაც პოლიტიკურ ზედამხედველს ინსტრუმენტად. არ შეიძლება ეს არც თქვენთვის, პიროვნულად, იმიტომ, რომ თქვენც გაქვს რეპუტაცია, თქვენც ცხოვრობთ ამ ქვეყანაში და თქვენს სიტყვასაც ფასი უნდა ჰქონდეს. მეორე, არ შეიძლება როგორც ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ეს გააკეთოთ, იმიტომ, რომ აკნინებთ ამით ეროვნული ბანკის მნიშვნელობას... ყველა ეს მოქმედება ხომ დროებითია, ჩვენ ხომ ყველანი გავიგებთ სიმართლეს, რაც ისედაც ვიცით, მაგრამ ყველაფერი სააშკარაოზე გამოვა და მერე შეგრცხვებათ უბრალოდ იმ საქციელის, რომელიც გულისხმობს ეროვნული ბანკის ინსტრუმენტად გამოყენებას პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში, “ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
პარლამენტში დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუსმენენ და "თიბისი ბანკის" საქმესთან ერთად საბანკო რეგულაციების საკითხზეც იმსჯელებენ.