ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილის წერილს ცინიკურს უწოდებენ. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ივანიშვილის წერილი, რომელიც 9 აპრილს ეძღვნება და მისი ვიზიტი სოფელ ხიბულაში მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, "ქართულ ოცნებას" შუალედური არჩევნების წინ ხმები სჭირდება.
თინა ბოკუჩავას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ქართულ საზოგადოებას არ დავიწყნია უახლესი ისტორია და კარგად ახსოვს, რომ ივანიშვილი 9 აპრილის მთავარ ჯალათს, გენერალ ლებედს საარჩევნო კამპანიას უფინანსებდა.
"მარტივად, ბიძინა ივანიშვილის სჭირდება ხმები წინასაარჩევნოდ და ახლა ცდილობს ადამიანების გულის მოგებას, განსაკუთრებით სამეგრელოში. ისეთივე ყალბია ეს წერილი,როგორც ყალბი იყო მისი ვიზიტი ხიბულაში, რომელიც მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხმების მოპოვებაზე იყო ორიენტირებული.
ადამიანი, რომელიც პირდაპირ აფინანსებდა გენერალ ლებედის წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც იმ სადესანტო დივიზიის მეთაური იყო, რომელიც არბევდა სასტიკად მშვიდობიან მომიტინგეებს 9 აპრილს, რა თქმა უნდა, ესეც უდიდესი ცინიზმია მისი მხრიდან და მას ჰგონია, რომ ადამიანებს უახლესი ისტორია ავიწყდებათ.
არა, არ ავიწყდება ადამიანებს უახლესი ისტორია და ამ ცინიზმს წინასაარჩევნოდ ხმების მონადირების მიზნით ასეთი ეპისტოლეების გამოქვეყნებას დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები არ ირწმუნებენ მის გულწრფელობას და შესაბამისად არ მიიღებენ,“-ამბობს თინა ბოკუჩავა.