„სრულიად უტიფარი წერილია ბიძინა ივანიშვილის და ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას, რომ შიშს დიდი თვალები აქვს,“ - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული ღია წერილის შეფასებისას გააკეთა.
საქმე ეხება ივანიშვილის წერილს, რომლითაც ის 1989 წლის 9 აპრილს გამოეხმაურა და ამჟამინდელი ხელისუფლების ოპონენტები კვლავ გააკრიტიკა.
გიგი უგულავას შეფასებით, ივანიშვილის წერილი ფარისევლობაა, რადგან მისი თქმით, „ოცნების“ ლიდერი წლების წინ თავად აფინანსებდა 9 აპრილის ერთერთ მთავარ ჯალათს, გენერალ ლებედს.
„ვეთანხმები მას, რომ „ეშმაკი ჰყოფს“, მაგრამ მთავარი ეშმაკის ფეხი არის თვითონ იმიტომ, რომ 7 წლის განმავლობაში ღვარძლის, შურისძიების და ბოღმის ნთხევის მეტი მას და მის „ოცნებას“ არაფერი უკეთებია და ის ნაპრალები გააჩინა ჩვენს საზოგადოებაში, რომლის გამთლიანებას კიდევ შეიძლება წლები და ათწლეულები დასჭირდეს. ამიტომ, სრული ფარისევლობაა აქ მისგან საუბარი, სრული ფარისევლობაა და ამაზრზენია, როდესაც ის 9 აპრილზე საუბრობს და ადარებს პირველ ოქტომბერს იმიტომ, რომ 9 აპრილი იყო საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოპოვება და პირველი ოქტომბერი იყო ერთი პარტიის მიერ მეორე პარტიაზე გამარჯვება. რომელ 9 აპრილზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი, იმ 9 აპრილზე, რომელიც ლებედმა და როდიონოვმა დაარბიეს და რომლის "რასკრუჩივანიაში" იღებდა და მონაწილეობდა და რომლის კამპანიაში მონაწილეობდა. რომელ 9 აპრილზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი, რომლის მერეც არა საქართველოს, არამედ რუსეთის მოქალაქედ დარჩა და "ვიგოვორი "რომ კარგი ყოფილიყო, ამას თვითონ ამბობს, ბორის ივანიშვილი დაიწერა პასპორტში ბიძინას ნაცვლად. ეს არის ადამიანი, რომელიც 9 აპრილზე უნდა გველაპარაკებოდეს? ამ ადამიანისთვის საერთოდ არ არსებობს ღირებულება საქართველოს დამოუკიდებლობა,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
ბიძინა ივანიშვილი ღია წერილით 9 აპრილის 30 წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ 1989 წლის 9 აპრილმა საქართველოს ბედი განსაზღვრა და ქვეყნის მომავალი გადაწყვიტა.
ივანიშვილი ვრცელ წერილში წერს, რომ კორუფციის ჭაობში მყოფმა ქვეყანამ, ემოციის ფონზე "შინნაზარდი დიქტატორი აირჩია", რომელიც ასევე სისხლში ახშობდა სახალხო პროტესტებს. მისივე განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შესაძლებლის ზღვარზე გაიარა და წარმოუდგენელი გამარჯვება მოიპოვა.