პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა დასრულდა. კობა გვენეტაძის თქმით, პარლამენტში დეპუტატებთან ბევრი ისეთი საკითხის დეტალზე ისაუბრა, რაზეც საზედამხედველო ორგანოს წარმომადგენელს არ აქვს უფლება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის დეპუტატების კრიტიკის მიზეზი გაუგებარია.
„ვფიქრობ, პარასკევს პლენარულ სხდომაზე ჩემი სიტყვით გამოსვლა ამომწურავი იყო. ძალიან ბევრ დეტალსა თუ ფაქტზე ვისაუბრე, მათ შორის ისეთ ფაქტებზეც, რომელთა შესახებ საზედამხედველო ორგანოები საჯაროდ არ საუბრობენ და არც უნდა საუბრობდნენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როცა ასეთ საკითხებზე საჯაროდ ვსაუბრობ. მიუხედავად ამისა, დეპუტატების ნაწილისთვის ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი, დეპუტატების ნაწილის დარწმუნება შევძელი, ნაწილის - ვერა. ზოგიერთი დეპუტატი გავანაწყენე კიდეც, თუმცა, რას ვიზამთ - ერთია, პოლიტიკოსის ტვირთი და მანდატი, მე კი ჩემი მანდატი მაქვს. სხდომაზე ბევრი სხვადასხვა არასამართლიანი ბრალდება მოვისმინე, რომელსაც მე ეროვნული ბანკის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და აპოლიტიკური მანდატიდან გამომდინარე, ვერ გამოვეხმაურები და ვერც შეფასებას გავაკეთებ,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
საბანკო რეგულაციების გამო ოპოზიცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. კობა გვენეტაძემ ოპოზიციის კრიტიკა "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებითაც დაიმსახურა. ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, "თიბისი ბანკის" საქმეზე ეროვნული ბანკი ივანიშვილის და მისი გუნდის მითითებებით ხელმძღვანელობდა.