02 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
სუს-მა კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. კახა ბასილიას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას ედავებიან. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ ჩემპიონატზე მან კულტურისა და სპორტის სამინისტროში ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა, რის საფუძველზეც 10 ათას ლარზე მეტს დაეუფლა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 18-22 აპრილს საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების წევრებისათვის თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ სტამბოლში შოტოკანის მე-9 ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სათანადო დაფინანსება გამოიყო. მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 4 სპორტსმენმა, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბ-მ, 2018 წლის 27 აპრილს და 28 მაისს, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ ჩემპიონატზე თითქოსდა საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 დელეგატი იყო მივლინებული. ხსენებული გზით და სამინისტროს მოტყუებით, კახა ბ. 6 მონაწილის გასამგზავრებლად გამოყოფილ, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კუთვნილ 10 441 ლარს დაეუფლა.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის კახა ბ-ს წარედგინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო,"-აღნიშნულია განცხადებაში.

 

დღის ამბები