19 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
ერდოღანი ათასჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ივანიშვილი, მაგრამ ყველა ძირითადი ქალაქი წააგო თურქეთში - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში გასამართ მერის შუალედურ არჩევნებს ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდის გამარჯვების შანსები არცთუ ისე მაღალია.

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღია წერილსაც ეხმაურება, სადაც „ოცნების“ ლიდერი „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კითხვაზე, "უკავშირდება თუ არა ივანიშვილის წერილი ზუგდიდში გასამართ არჩევნებს," მაგალითად მეზობელ ქვეყნებში - თურქეთსა და უკრაინაში, ჩატარებული არჩევნები მოიყვანა.

„ცუდად არის ზოგადად საქმე გარშემო. პოროშენკო აგებს არჩევნებს, ერდოღანი ათასჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ივანიშვილი, მაგრამ ყველა ქალაქი წააგო ძირითადი თურქეთში. აბა, ახლა ივანიშვილი რომელი წითელი კოჭია ან ქართველი ხალხი განსაკუთრებით უნიჭო ხალხია? არა, ქართველი ხალხი ნიჭიერი ხალხია და მიუჩენს მას თავის ადგილს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი ღია წერილით 9 აპრილის 30 წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ 1989 წლის 9 აპრილმა საქართველოს ბედი განსაზღვრა და ქვეყნის მომავალი გადაწყვიტა.

ივანიშვილი ვრცელ წერილში წერს, რომ კორუფციის ჭაობში მყოფმა ქვეყანამ, ემოციის ფონზე "შინნაზარდი დიქტატორი აირჩია," რომელიც ასევე სისხლში ახშობდა სახალხო პროტესტებს. მისივე განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შესაძლებლის ზღვარზე გაიარა და წარმოუდგენელი გამარჯვება მოიპოვა.

ზუდიდში მერის შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსი დაასახელა. ხოლო "ქართული ოცნებიდან" ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელიაა.

დღის ამბები