19 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
"ომეგას ქონების" აუქციონზე გაყიდვის პროცესი შეჩერებულია - ზაზა ოქუაშვილმა საქართველოს ხელისუფლებას სასამართლო დავა მოუგო

ზაზა ოქუაშვილმა საქართველოს ხელისუფლებას სასამართლო დავა მოუგო. სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით "ომეგა ჯგუფის" ქონების აუქციონზე გაყიდვის პროცესი შეჩერებულია. მთავარი არგუმენტი, რომელსაც შვედი მოსამართლეები დაეყრდნენ, საქართველოს ხელისუფლების მიერ ბიზნესმენის დევნის ფაქტია. იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც სტოკჰოლმში მოპასუხედ იყო წარმოდგენილი ბრალდებების გაბათილება ვერ შეძლო. მთავრობას ზაზა ოქუაშვილისთვის ასობით ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

ამ გადაწყვეტილების მიუხედავად "ომეგა ჯგუფი" ამ დრომდე დაყადაღებული და 1500 ადამიანი დროებით უმუშევარია. ქარხანა ისევ გაჩერებულია. ომეგა სიგარეტს იმის გამო ვერ უშვებს, რომ ფინანსთა სამინისტრო კომპანიას აქციზურ მარკებს არ აძლევს და არც დავალიანების გასტუმრების გრაფიკზე არ თანხმდება.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. დასკვნა, რომელსაც შვედი მოსამართლეები დაეყრდნენ, დავით ჯანდიერმა მოამზადა. საერთაშორისო სამართლის იურისტმა დეტალურად აღწერა ის დევნა, რომელსაც "ომეგა ჯგუფი" "ქართული ოცნების" მთავრობის მხრიდან განიცდის. თეა წულუკიანის წარმომადგენელი სტოკჰოლმში დავით ჯანდიერის არგუმენტების გაბათილებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.

ზაზა ოქუაშვილი "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ამბობს, რომ ხელისუფლება მისი ბიზნესის ხელში ჩაგდების ბოლო ეტაპზე გადავიდა და წლობით ნაშენები ქარხნების აუქციონზე გაყიდვა უნდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები