19 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
რუსეთის ქცევა საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ შეცვლილა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები

რუსეთი არ სცემს პატივს საერთაშორისო ნორმებს, ის აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას მეზობელი ქვეყნების მიმართ, კრემლს არ ადარდებს ადამიანის სიცოცხლეები - ასეთი განცხადებები გააკეთეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იმ დეპუტატებმა,  რომელთა ქვეყნებმაც ასევე განიცადეს აგრესია რუსეთის მხრიდან.

ისინი აღნიშნავენ, რომ რუსეთთან ბრძოლის დასასრულებლად ერთიანობასთან ერთად ევროპის დახმარებაა საჭირო.

ევროპარლამენტის დეპუტატი, ემანუელ ზინგერისი, აღნიშნავს, რომ საქართველო და უკრაინა რუსეთი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ისჯებიან, რომ ევროპულ ოჯახში სურთ ცხოვრება. 

„90-იან წლებში ჩვენც გავხდით საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი, რუსმა სამხედროებმა ვილნიუსში ტელევიზიის შენობა შტურმით აიღეს და საბჭოთა მმართველობა გამოაცხადეს. საქართველოში იგივე მოხდა 1989 წელს, დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც ევროპულ მომავალს სიცოცხლე შესწირა. საქართველოც და უკრაინაც ისჯებიან მხოლოდ იმის გამო, რომ ევროპულ ოჯახში ცხოვრება სურთ, მაგრამ ქართველებმა არ უნდა დაკარგონ იმედი, რომ რუსული კოშმარი ერთ დღეს გაქრება და თქვენ იქნებით ისეთი ორგანიზაციების ჭერქვეშ, როგორიც ევროკავშირი და ნატოა,“ - აცხადებს ემანუელ ზინგერისი

რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ანექსიას გმობს ევროპარლამენტის დეპუტატი, ვოლოდიმერ არიევი.

დეპუტატი ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგის დაცემის გამო, პუტინი მეზობელი ქვეყნების დაშინებას კიდევ ერთხელ შეეცდება.

„რუსეთის ქცევა საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ შეცვლილა, იყო მცირე პერიოდი ელცინის მმართველობის დროს, როცა მეზობლებს შედარებით მშვიდად და თავისუფლად შეეძლოთ ცხოვრება, მაგრამ პუტინის მოსვლის შემდეგ, რუსეთს კგბ-ს წრე მართავს. შეიქმნა ვითარება, როდესაც ქვეყნების დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ემუქრება. ეს უკვე მოხდა საქართველოსა და უკრაინაში და ყველა ქვეყანას რუსეთის სამეზობლოში უნდა აღელვებდეს მათი უსაფრთხოების საკითხი. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია რუსეთის შიგნით არსებული ვითარება – პუტინის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა და როგორც წესი, ასეთ დროს მეზობლების დაშინების საფრთხე იმატებს. 30 წლის წინანდელმა მოვლენებმა უნდა შეგვახსენოს, რომ იმ დროიდან არაფერი შეცვლილა, რუსეთის ჯარისკაცებისთვის დღესაც არაფერს ნიშნავს ადამიანების სიცოცხლე,“ - აცხადებს ვოლოდიმერ არიევი.

სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხული სესია მიმდინარეობს. ხვალ კი ​სტრაბსურგში საქართველოს პრემიერს ელოდებიან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრემიერი დეპუტატებს მიმართავ, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები