ხმაურიანი ჩანაწერი, რომელიც სასულიერო პირებს შორის მწვავე დაპირისპირებას და საქმეების გარჩევას ასახავს. ვიდეოფაილი, რომელიც რუსთავის ეპარქიაშია გადაღებული, ბერი გაბრიელისა და მღვდელმთავრების დაპირისპირებას ასახავს.
რეზიდენციაში მწვავე განხეთქილების მიზეზი ბერი გაბრიელის მიერ სოციალურ ქსელში საჯარო ლოცვა გახდა, რომელიც მას მეუფე იოანემ აუკრძალა.
ბერი გაბრიელი, რომელიც რუსთავის მიტროპოლიტმა დაიბარა, საქმის გარჩევის მონაწილე აღმოჩნდა. ბერმა გაბრიელმა, რომელიც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, ეპარქიის ერთ-ერთ სასულიერო პირს ხელი ჰკრა, ამის შემდეგ უკვე მასთან სხვა მღვდლებიც მივიდნენ და ოთახიდან გააძევეს. ვიდეო სწორედ აქ მთავრდება. რა მოხდა ამის შემდეგ, მხოლოდ იქ შეკრებილმა სასულიერო პირებმა იციან.
მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა გიორგი ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და ყველაფერს ბერის ილუზიებს და მის არაფხიზელ მდგომარეობას უკავშირებს.
მომხდარ ინციდენტზე დღეს კომენტარის გაკეთება რუსთავის მეუფეს თავადაც მოუწია. მეუფე იოანე გამრეკელი კატეგიორიულად უარყოფს ბერის ცემის ფაქტს. მღვდელმთავარი ამბობს, რომ აგრესია პირველად სასულიერო პირების მიმართ თავად ბერისგან წამოვიდა.
ბერი გაბრიელი სატელეფონო საუბარში ყვება, რომ მეუფე იოანეს სამდივნომ ვიდეოს მხოლოდ ის ნაწილი გაასაჯაროვა, რომელიც მათ ინტერესში იყო, რეალურად კი ჩხუბი ნამდვილად მოხდა, რაც ვიდეოდან ამოჭრილია.
უთანხმოება ბერსა და ეპარქიის მმართველს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სასულიერო პირმა ლოცვების წაკითხვა Facebook ლაივების მეშვეობით გადაწყვიტა. რამდენიმე პირდაპირი ჩართვის შემდეგ მღვდელმთავარმა ბერ გაბრიელს აუკრძალა Facebook-ის საშუალებით აღარ ელოცა. დღეს სასულიერო პირები ამბობდნენ, რომ ამ აკრძალვას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა.
ბერი გაბრიელი ახალ თბილისში მისი მრევლის სახლში ცხოვრობს. ის ინციდენტის შემდეგ რუსთავის მამათა მონასტრიდან გამოაძევეს. ბერი ამბობს, რომ ეპარქიის შიდა საკითხებზე მოსაყოლი კიდევ ბევრი აქვს.