"ბილწსიტყვაობა ეთერში გამოხატვის თავისუფლებაზე გადის," - ასეთია ირაკლი ყიფიანის შეფასება ნიკა გვარამიას საეთერო ლექსიკასთან დაკავშირებით.
ეკონომისტი ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში ძნელია, ცენზურა დააწესო, თუნდაც, სოციალურ ქსელში.
ყიფიანი აცხადებს, რომ ტელეიმედს შეეძლო, უფრო მეტად საინტერესო სიუჟეტი გაეკეთებინა, თუნდაც, ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე და არ დაეთმო საკუთარი ეთერი ნიკა გვარამიას ლექსიკაზე საუბრისთვის.
„დღეს იმდენად მაღალი პოლიტიკური ტემპერატურაა ქვეყანაში და იმდენად მნიშვნელოვანი თემები არსებობს, რომ, თუნდაც იმედის პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს იმ უამრავ პრობლემაზე გადაცემის გაკეთება, რაც ქვეყანაშია და არა ასეთი წვრილი თემებით დაინტერესება. და მეორე ნაწილიც შეიძლება, ვთქვათ, რომ ნიკა რომ იყო, იმიტომაც ჰქონდა ამხელა გამოხმაურება, თუნდაც, იმედის ტელევიზიაზე იმიტომ, რომ წმინდა პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი იყო ეს გადაცემა და არა ის, რომ ნიკამ შეიგინა თუ არ შეიგინა,“ - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.
პირდაპირ ეთერში ნიკა გვარამიას გინებას იმედმა ვრცელი რეპორტაჟიც მიუძღვნა, რომელიც თითქოს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების პროტესტზე ააგო და რომლებმაც, თითქოს, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წერილსაც კი მოაწერეს ხელი. თუმცა, საბოლოოდ არხმა ეს წერილი ვერ წარმოადგინა.