ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დემარშით წასული დეპუტატების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სრულად იზიარებენ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მსგავსად დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ ყოფილ თანაგუნდელებს პოლიტიკური მოტივები ამოძრავებდათ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ამბობს, რომ დემარშით წასულ დეპუტატებს რეალურად სხვა მიზნები ჰქონდათ და მოსამართლეთა 10-კაციანი სია საკითხი მხოლოდ და მხოლოდ, პარტიის დატოვების მიზეზად გამოიყენეს.
„ეს არ იყო რეალური მიზეზი იმიტომ, რომ ის სია და პარლამენტის პოზიცია მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებით, სცდებოდა იმ 4 ადამიანს, ვისზეც არის საუბარი, გაცილებით მეტი ადამიანი იყო, ვისაც ჰქონდა პრინციპული პოზიცია ამასთან დაკავშირებით და საქართველოს პარლამენტის ძალიან სწორი პოზიცია იყო ის, რომ ამ საკითხზე განხილვა შეჩერდა,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.