„ვიხილეთ შეშინებული ბიძინა ივანიშვილი - ასე ეხმაურება ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რომელშიც ის შეეცადა მურუსიძის რეპუტაცია დაეცვა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქმის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ თავის დროზე ზედა ინსტანციაში არ გაასაჩივრა განაჩენი, ლევან მურუსიძეს კი საქმის უკან დაბრუნების უფლებამოსილება არ ჰქონდა.
ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერს გაცნობიერებული აქვს, რომ შალვა შავგულიძე მას არჩევნებზე დაამარცხებს.
„ვიხილეთ შეშინებული ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც აშინებს ერთიანობა "ევროპული საქართველოს" და "თავისუფალი დემოკრატების" და ჩვენი ერთიანი ბრძოლა მისი უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ და მეორე, მას აშინებს შალვა შავგულიძის პიროვნება, იმიტომ რომ შალვა შავგულიძე როგორც არ უნდა იძახოს ბიძინა ივანიშვილმა შავზე თეთრი, შალვა შავგულიძე არის სამართლიანი ბრძოლის განსახიერება და მურუსიძე არის მოძალადე ჯალათი, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს. აი ეს არჩევანი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა მოძალადე ჯალათზე, რომ დაიმორჩილოს სასამართლო. და ჰგონია რომ იტყვის და შეგვასაღებს თითქოს შალვა შავგულიძეს რაიმე პრობლემა აქვს სამართლიანობასთან. დღეს ის ხედავს შალვა შავგულიძეში მეტოქეს. იმიტომ რომ შალვა შავგულიძეა ის ვინც დაამარცხა მურუსიძე სტრასბურგში და ბოლომდე მიიყვანა ეს უსამართლო საქმე გირგვლიანის და ზუსტად ასევე დაამარცხებს აქ მთაწმინდაზე, თბილისში და მერე მთლიანად საქართველში ბიძინა ივანიშვილს,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.